ტაიმაუტის ექსკლუზივი | ლაშა გუჯეჯიანი - ვაჟა მარგველაშვილი ტოპ-სპორტსმენია და მისგან მედალს ოლიმპიადის დაწყებამდე ველოდით [ვიდეო] #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „ოლიმპიურ ტაიმაუტში“ ტოკიოდან ჩაერთო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი, რომელმაც ვაჟა მარგველაშვილის გამოსვლა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟამ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
„ძალიან მნიშვნელოვანი მედალი მოვიგეთ, როგორც ძიუდოსთვის, ისე ქართული დელეგაციისთვის. პირველი ქართული მედლით გახარებულები ვართ, თუმცა ცოტა გულდასაწყვეტია, რომ ოქროს მოპოვება ვერ მოვახერხეთ. ვიბრძოდით და საბოლოო გამარჯვებაც შესაძლებელი იყო, თუმცა ფინალში ვაჟა მარგველაშვილს ძალიან ძლიერი სპორტსმენი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი შეხვდა“.
ნაკრების მწვრთნელმა „ოლიმპიურ ტაიმაუტთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ 66 კგ წონით კატეგორიაში მედლის აღებას წინასწარ გეგმავდა:
„ვაჟა მარგველაშვილი ტოპ-სპორტსმენია, მას ევროპის ჩემპიონატიც მოუგია და მედალი მსოფლიოზეც აქვს. ამიტომ წარმატების იმედი ახლაც გვქონდა. ტოკიოში რა დააკლდა, ვერ შევაფასებ. მან ყველაფერი გააკეთა ოქროსთვის, თუმცა არის რაღაც, რაც შენს ძალებს აღემატება. მჯობზე მჯობი არ დაილევა. ამ შემთხვევაში იაპონელი უკეთესი აღმოჩნდა.“