პირველი ქართული მედალი ტოკიო 2020-ზე - ვაჟა მარგველაშვილი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ფინალში იგი იაპონელ ჰიფუმი აბეს შეხვდა და, სამწუხაროდ, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. აღსანიშანავია, რომ ქალთა ტურნირის გამარჯვებულიც იაპონელი უტა აბე გახდა, რომელიც ჰიფუმი აბეს და გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი პირველ წრეში თავისუფალი იყო, ხოლო საკუთარ პირველ შეხვედრაში იგი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენ იაკუბ შამილოვს შეხვდა და მეტოქეს ბოლო წამებზე ვაზარით სძლია.

ამის შემდეგ იყო 1/4 ფინალი, რომელშიც ვაჟა ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს შეხვდა და იგი ორი ვაზარით დაამარცხა.

ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში კორეელი ბაულ ანი დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

ამ წარმატებით ვაჟა მარგველაშვილმა საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი მოუპოვა.