ტაიმაუტი | სოსო ტყემალაძე - მოვდივარ იმისთვის, რომ გაიხსნას რაგბის კავშირი #1TVSPORT
ტაიმაუტი | სოსო ტყემალაძე - მოვდივარ იმისთვის, რომ გაიხსნას რაგბის კავშირი #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ სტუმრობდა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი სოსო ტყემალაძე.

შეგახსენებთ, რომ არჩევნები 10 მარტს გაიმართება. კანდიდატი ერთია.

„თანამშრომლობა შევთავაზე ყველას, როგორც ნეიტრალურმა მხარემ. თუმცა ნაწილის პოზიცია ისეთია, თითქოს მხარე ვარ, რაღაც კლანის წარმომადგენელი. თუმცა გაუგებარია, რომელ კლანზეა ლაპარაკი. აირჩიეს სტრატეგია, რომლის მიხედვით მე მხარეს წარმოვადგენ. რაც სრული აბსურდია.

მოვდივარ იმისთვის, რომ გაიხსნას კავშირი, თანაბარი იყოს ყველაფერი, რაც ესადაგება სარაგბო კულტურას. მოვდივარ, რომ შეიცვალოს მართვის სისტემა. ძალაუფლება გადაეცეს გამგეობას, კლუბებმა აირჩიონ გემგეობის წევრები და არა ისე, როგორც აქამდე იყო, როდესაც პრეზიდენტი ნიშნავდა 15 თავის წარმომადგენელს.

​ალბათ, ეგონათ, რომ მათი პიარ-სტრატეგია გაამართლებდა, მაგრამ აქაც გაუგებარია – თუ სურდათ, წარმოედგინათ კანდიდატურა არჩევნებზე, თუ არა, რა პიარ-სტრატეგიაზეა ლაპარაკი… როგორ ჩავშალოთ არჩევნები? ეს უკვე დესტრუქციაა.

მაქვს კომუნიკაცია იმ კლუბებთანაც, რომლებიც მათ მხარს უჭერენ. ისინი კარგად ხედავენ რეალობას. მათიც მესმის. პატარაა ეს ქვეყანა, გამოდიან ჩემთან ხაზზე და სურთ, რომ შეუერთდნენ განვითარებას, თუმცა ამბობენ, რა ზეწოლის და უხერხულობის ქვეშ არიან. მინდა მოვუწოდო, იყვნენ მშვიდად. შეძლებენ თუ არა მოსვლას, იყვნენ მშვიდად. ჩვენ ყველა შემთხვევაში ვითანამშრომლებთ.

სადაც არ იქნება ტყუილი და ძალადობა, იქ ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ.

ჩემთვის ამოსავალი წერტილი ბავშვთა რაგბია. არ უნდა დავზოგოთ რესურსი, რომ რამდენიმე წელიწადში გვყავდეს ყოველმხრივ მომზადებული კარგი ახალგაზრდობა. მისახედია საქართველოს ჩემპიონატიც. საბოლოო პროდუქტი კი საქართველოს ნაკრებია. ჩემი ამოცანა არ არის, ოთხ წელიწადში რაღაც მოვიგო, მედლები ჩამოვიკიდო. გრძელვადიან პროექტზე ვმუშაობთ, რომლის მიხედვით რამდენიმე წელიწადში მაღალი დონის რაგბი უნდა გვქონდეს.

ვთქვი და გავიმეორებ, 10, 15 ან 20 წელიწადში საქართველოს ნაკრების მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობა უნდა იყოს. დღეს არაფერი კეთდება და მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილზე ვართ. რამდენიმე წელიწადში ჩვენმა პროექტმა შედეგი უნდა მოიტანის. ეს ეროვნული პროექტია, რაგბი ხომ ჩვენი ქვეყნის ნაწილია.“