რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე ვეტერან მორაგბეებს შეხვდა
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე ვეტერან მორაგბეებს შეხვდა

2021 წლის 19 თებერვალს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო კანდიდატად იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა, რომელიც სუბიექტთა და საარჩევნო ხმათა უმრავლესობამ, 24-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა.

შეგახსენებთ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს, ნამდვილ წევრთა მორიგ საერთო კრებაზე (ყრილობა) გაიმართება, კანდიდატთა წარდგენის ბოლო ვადა კი 23 თებერვალს იწურება.

21 თებერვალს იოსებ ტყემალაძემ ქართული რაგბის სხვადასხვა თაობის ვეტერან მორაგბეებთან შეხვედრა გამართა და ქართული რაგბის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. მან დასძინა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, კავშირის მართვის პროცესში რაგბიში ჩართული ყველა ადამიანის აზრს გაითვალისწინებს.

„საოცარი დღე იყო. ესენი არიან ადამიანები, რომლებზეც დგას ქართული რაგბი. ჩემთვის მათი მხარდაჭერა, იმედები და ანთებული თვალები ძალიან ბევრს ნიშნავს. მე პასუხისმგებელი ვიქნები ვიქნები ვეტერანი მორაგბეების და გულშემატკივრების წინაშე. მათ უნდა შეაფასონ ჩემი მოღვაწეობა. მოვუწოდებ ყველას, რომ მშვიდად მივიდეთ არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა და ზედმეტი ხმაურით კიდევ უფრო არ დავაზიანოთ ქართული რაგბის სახელი. ყველა კლუბს ვპირდები, რომ მმართველობა იქნება გამჭვირვალე. გამგეობა იქნება არჩევითი და ხალხი თავად ჩაერთვება მმართველობაში. მჯერა ძალიან სწრაფად დავუბრუნდებით ნორმალურ პროცესს,“ – განაცხადა ტყემალაძემ, რომელიც უკვე შეხვდა ყველა კლუბს, ანუ ნამდვილ წევრებს.

პრეზიდენტობის კანდიდატი თვლის, რომ ბოლო პერიოდში რაგბი ძალიან სწრაფი ტემპებით განვითარდა და ამას მენეჯმენტმა ფეხი ვერ აუწყო. ის ფიქრობს, რომ სწორი მენეჯმენტის პირობებში, შესაძლებელია როგორც ქართული კლუბების გაძლიერება, ასევე ფრანჩაიზის ძლიერ ტურნირში ჩართვა, ხოლო ეროვნული ნაკრებისთვის უფრო მაღალი დონის შეხვედრები და შესაძლოა, ექვსი ერის კარის გახსნაც.

კანდიდატთან შეხვედრით კმაყოფილი დარჩა რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, ვეტერანი მორაგბე მერაბ ანთაძე:

„აქ წარმოდგენილი იყო ყველა ასაკის ვეტერანი მორაგბე და ვფიქრობ, ყველა მათგანი კმაყოფილი დარჩა, რაც უმნიშვნელოვანესია. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, ვფიქრობ, სოსო ტყემალაძის კანდიდატურა საუკეთესოა რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე. მისი მიდგომებით მე დავინახე, რომ მას აქვს შესაძლებლობა მოხსნას ბოლო პერიოდში არსებული დაძაბულობა. საინტერესოა რაგბის განვითარების მისეული ხედვა. ბატონი სოსო საკმაოდ ჩახედული აღმოჩნდა რაგბიში და დიდი იმედით ვუყურებ მომავალს“.

ვეტერანმა მორაგბემ, თამაზ ანდღულაძემ, იოსებ ტყემალაძეს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა:

„მადლობა რომ ასეთ შეხვედრაზე ჩვენც მოგვიწვიეს. აქ იყვნენ რაგბის პიონერები და მომდევნო თაობების წარმომადგენლები. ყველა მათგანს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული რაგბის განვითარებაში. ჩვენც გვაინტერესებს რა გზით ფიქრობენ კანდიდატები საქმის გაგრძელებას და რაგბის განვითარებას“.

ვეტერანმა მორაგბემ ლევან ღვაბერიძემ აღნიშნა, რომ ახალ კანდიდატს დიდი ხანია იცნობს:

„ბატონ სოსოსთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს და სულ რაგბიზე იყო შეყვარებული. ბევრმა არ იცის, რომ ის ჩართული იყო არაერთ პროცესში და ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა ქართული რაგბისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ის მოვა სათავეში, სიკეთის გაათმაგების საშუალება მიეცემა. მას მართვის დიდი გამოცდილება აქვს და რაგბშიც საკმარისზე მეტი ესმის. ახლა გვჭირდება გაერთიანება და ყველა, ვისაც რა შეგვიძლია, უნდა დავეხმაროთ ქართულ რაგბს“.

კანდიდატთან შეხვედრა შეაფასა ვეტერანმა მორაგბემ ნიაზ მამრიკიშვილმა:

„იოსებ ტყემალაძე დღეს ვნახე პირველად და ყურადღებით ვუსმენდი. მან ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ კარგად აქვს გააზრებული გაერთიანების მნიშვნელობა“.

დატოვე კომენტარი