ბორის პაიჭაძე 1915 წლის 3 თებერვალს დაიბადა. 16 წლის იყო როდესაც საფეხბურთო კარიერა ფოთის გემთშემკეთებელი ქარხნის გუნდში დაიწყო. 1934 წლიდან მომდევნო ორი სეზონი ის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის გუნდის მაისურით თამაშობდა. ახალგაზრდა ფეხბურთელის გამორჩეულმა მონაცემებმა თბილისის „დინამოს“ მესვეურთა ყურადღება მაშინვე მიიპყრო და 1936 წლიდან ბორის პაიჭაძე უკვე „დინამოს“ ღირსებას იცავდა.
„დინამო“ იმ დროს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის „ბ“ ჯგუფში თამაშობდა. მისი მაისურით ბორის პაიჭაძემ პირველი მატჩი 1936 წლის 6 ივნისს „დნეპრის“ წინააღმდეგ ჩაატარა და პირველივე შეხვედრაში გოლის გატანაც შეძლო.
1936 წლის შემოდგომაზე თბილისის „დინამო“ საკავშირო პირველობის უმაღლეს ლიგაში გადავიდა და პირველ შეხვედრაში კიევის „დინამოს“ 7 სექტემბერს „დინამოს“ სტადიონზე უმასპინძლა. ისტორიულ მატჩს რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა 10 000 მაყურებელი დაესწრო და პირველი ნახევრის ბოლოს ბორის პაიჭაძე გოლის ავტორიც გახდა.
მან 1936-დან 1951 წლამდე „დინამოს“ შემადგენლობაში ჩაატარა 195 მატჩი და 111 გოლი გაიტანა. იყო საბჭოთა კავშირის ორგზის ვიცე-ჩემპიონი და ოთხგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
ბორის პაიჭაძე აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად.
1991 წელს საქართველოში ყველაზე დიდ საფეხბურთო მოედანს „დინამო არენას“ ბორის პაიჭაძის სახელი მიენიჭა.
2001 წლის 26 მარტს, სპეციალურმა კომისიამ (ფეხბურთის სპეციალისტები, ჟურნალისტები, ვეტერანები) თბილისის ფილარმონიაში გამართულ საზეიმო გალა-დაჯილდოებაზე ბორის პაიჭაძე საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა 2015 წელს დააწესეს ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა.