ტაიმაუტი | ნიკა ნოზაძე - მოულოდნელი იყო, როდესაც „ბაიერნის“ 19 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი კლაუს აუგენტალერი დამიკავშირდა #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნმა“ „ფოლკსვაგენთან“ ერთად ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც მსოფლიოს მაშტაბით ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეძებს და ეხმარება საკუთარი თავის წარმოჩენაში. სწორედ მათ შორის მოხვდა ქართველი 18 წლის ფეხბურთელი ნიკა ნოზაძე, რომელიც 64 ქვეყნის 654 ბავშვში შეარჩიეს და ორი კვირის განმავლობაში ისინი მექსიკაში გაივლიან შეკრებას.
„ფეხბურთის თამაში 9 წლის ასაკში „ნორჩ დინამოში“ დავიწყე, საიდანაც შემამჩნიეს თბილისის „ლოკომოტივის“ მწვრთნელებმა და ამ გუნდში რამდენიმე სეზონი გავატარე. „ლოკომოტივიდან“ გადავედი „გაგრაში“ და ამჟამად ვარ საფეხბურთო კლუბ „მუხიანში“.
რაც შეეხება მიუნხენის „ბაიერნის“ დაინტერესებას, დასაკმაყოფილებელი იყო მხოლოდ ორი კრიტერიუმი: უნდა ყოფილიყავი 2003 ან 2004 წელს დაბადებული და უნდა გამეგზავნა თამაშის ამსახველი კადრები, სადაც კარგად იქნებოდა ასახული ჩემი საფეხბურთო უნარები ასახული.
მოულოდნელი იყო, როდესაც მეორე დღესვე „ბაიერნის“ 19 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი კლაუს აუგენტალერი დამიკავშირდა და მომილოცა გუნდში გაწევრიანება. ასევე გაგვაცნეს სამომავლო გეგმები: 21 ივნისს მიუნხენში შევიკრიბებით, ზუსტად ერთ კვირაში წავალთ მექსიკაში 12 დღით და ამ დროის განმავლობაში ჩავატარებთ სამ ამხანაგურ შეხვედრას მექსიკის საუკეთესო გუნდებთან.
რაც შეეხება პირად გეგმებს, ჩემი მიზანია თავი დავიმკვიდრო ახალ კლუბში და მთავარი ოცნებაა, რომ ვითამაშო საქართველოს ნაკრებში“, – ამბობს ნიკა ნოზაძე.
ცოტნე შაორშაძე