ტაიმაუტი | ლაშა ბექაური - ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი და ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი ლაშა ბექაური საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ ესტუმრნენ, სადაც განვლილი ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრეს და მომავალ გეგმებზეც გაამახვილეს ყურადღება.
ქართული და მსოფლიო ძიუდოს ამომავალმა ვარკსვლავმა, ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატის თითოეულ შეხვედრაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ტურნირი ემოციურად ძალიან დატვირთული იყო.
„ევროპის ჩემპიონატი ემოციურად ძალიან დატვირთული იყო, რადგან ბევრ რამეს წყვეტდა. პირველი შეხვედრა არ გამჭირვებია და 14 წამში მოვახერხე გამარჯვების მოპოვება, შემდეგ კი უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები შემხვდნენ. მეორე წრეში შევხვდი ისრაელის წარმომადგენელს, რომელიც ძალიან ძლიერი ძიუდოისტია და მასთან სუფთა გამარჯვებით მოვახერხე გამარჯვება, მესამე შეხვედრაში სერბ მსოფლიო ჩემპიონს დავუპირისპირდი და შედარებით იოლად გავიმარჯვე, ნახევარფინალურ შეხვედრაში თურქეთის სახელით მოასპარეზე ძიუდოისტი დავამარცხე, ხოლო ფინალი კი ქართული იყო, მე და ბექა ღვინიაშვილს შორის. ყველანაირად მოტივირებული ვიყავი ევროპის ჩემპიონატისთვის, მოსამზადებელი პერიოდიც ძალიან კარგად მქონდა გავლილი და მზად ვიყავი ჩემპიონობისთვის, შესაბამისად შედეგმაც არ დააყოვნა და გავხდი ჩემპიონი“, – აღნიშნა ბექაურმა „ტაიმაუტთან“.
შეგახსენებთ, რომ ლისაბონში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე -90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, სადაც ბექაური ღვინიაშვილს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ლაშამ მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება. ახალგაზრდა ძიუდოისტმა ფინალის შესახებაც ისაუბრა.
„ემოციური მომენტია, როდესაც თანამემამულეს ხვდები. ბექა ღირსეულად შეხვდა ამ მარცხს, რაც დასაფასებელია და მინდა აღვნიშნო, რომ ის ძალიან ღირსეული ადამიანია, რაც ფინალის შემდეგაც გამოჩნდა.“
ბოლოს კი ლაშამ მომავალ ოლიმპიურ თამაშებზეც გაამახვილა ყურადღება.
„ოლიმპიადა არის ჩემთვის უმაღლესი მწვერვალი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი.“