ტაიმაუტი | ლადო კილასონია - „ენისეის“ თამაშები გადმოწერილი, დაჭრილი და გაანალიზებულია #1TVSPORT
ტაიმაუტი | ლადო კილასონია - „ენისეის“ თამაშები გადმოწერილი, დაჭრილი და გაანალიზებულია #1TVSPORT

ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა, „შავმა ლომმა“ რაგბი ევროპის სუპერ თასზე ორი შეხვედრა გამართა და ორივე მოიგო. მისმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ისაუბრა როგორც განვლილ შეხვედრებზე, ასევე ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ „ენისეისთან“ მომავალ დაპირისპირებაზე.

„თელ-ავივი ჰითს“ ჩვენთან შეხვედრამდე საკონტროლო მატჩები არ ჩაუტარებია. ინდივიდუალურად ყველა მოთამაშეზე ცალკე მოვიძიეთ ინფორმაცია, ვიდეო და ვიცოდით, რომ ერთობლიობაში კარგი შემადგენლობა იყო. ასეთი გუნდის ძლიერი მხარე შეთამაშება ვერ იქნებოდა. ინდივიდუალურად კი, მართლაც კარგი მორაგბეები ჰყავთ. ეს მაშინაც გამოჩნდა, როდესაც ხაზი გაგვიჭრეს…

სამწუხაროდ, ტურნირის დაწყებამდე ვერც ჩვენ მოვახერხეთ ამხანაგური მატჩების გამართვა და ისევე უთამაშებლები ვიყავით, როგორც „ჰითი“. თუმცა, ფიზიკურად, კონტაქტში გამოვიყურებოდით ძალიან კარგად, თამაშიც საჩვენოდ წარიმართა და დამსახურებულად მოვიგეთ“, – აღნიშნა „შავი ლომის“ მწვრთნელმა, რომლის გუნდმა თელავიველებთან 33:10 იმარჯვა.

პემზის „ლოკომოტივთან“ ქართულმა გუნდმა ორი სხვადასხვა ტაიმი ჩაატარა, თუმცა გამარჯვება ამ შემთხვევაშიც ქართველთა მხარეს იყო – 27:11.

„მძიმე მოედანი დაგვხვდა. პირველი ტაიმი პირქარში ვითამაშეთ, მობილიზებულები ვიყავით და უკეთ გამოვიყენეთ ის უპირატესობა რაც გაგვაჩნდა. მეორეში რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაგვიცუდდა, რამაც წნეხი ერთგვარად გაზარდა. ეს კი თამაშზეც აისახა. თუმცა მიზანი მიღწეულია – ტრავმები არ გვაქვს და პემზიდან საპრემიო ქულით დავბრუნდით.“

მომდევნო მატჩი „შავ კლომს“ „ენისეისთან“ ელის, რომელიც ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია…

ენისეის“ თამაშები გადმოწერილი, დაჭრილი და გაანალიზებულია. ბიჭებიც კარგად იცნობენ მეტოქეს. ვიცით, ფიზიკურად ძლიერი გუნდია, კონტაქტში კარგად თამაშობს. წააგეს „თელ ავივთან“, რის შემდეგაც ძალიან „მოწყურებულები“ იქნებიან. საინტერესო თამაში უნდა იყოს“.