ტაიმაუტი | გიორგი შერმადინი - კაბო ვერდესთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი იქნება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი 2022-23 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. გიორგი პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ MVP-ის ჯილდოთი ესტუმრა.
„„ტენერიფემ“ ერთი წლის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ამჯერად ცოტა დაგვალკდა – ნახევარფინალში დავმარცხდით. ესპანეთის ჩემპიონატში რეგულარული ეტაპი მაღალ დონეზე ჩავატარეთ და მეოთხე ადგილი დავიკავეთ. თუმცა მეოთხედფინალში ორი მატჩი წავაგეთ „უნიკახასთან“ და ნაადრევად გამოვეთიშეთ ჩემპიონატს. ვერ ვიტყვი, ამის მიზეზი გადაღლა იყო-მეთქი, უბრალოდ, ის ორი შეხვედრა არ გამოგვივიდა“, – აღნიშნა გიორგი შერმადინმა.
მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 25 აგვისტოს დაიწყება, საქართველოს ნაკრები გახსნით მატჩს კაბო ვერდესთან (26 აგვისტოს) გამართავს. ამ გუნდში თამაშობს „რეალის“ ცენტრი ედი ტავარეში. გიორგიმ მასზეც ისაუბრა:
„წილისყრის შედეგებზე ჩემს გუნდში ბევრს ვსაუბრობდით. ესპანეთი ბრაზილიას შეხვდა. რამდენიმე ჩემი ესპანელი თანაგუნდელი დაუპირისპირდება გამთამაშებელ მარსელინიო უერტასს. რომ გაიგეს, საქართველო კაბო ვერდეს ეთამაშებოდა, ყველა ტავარეშზე მელაპარაკებოდა. იგი ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. თუმცა ჩვენი მწვრთნელები უკვე მუშაობენ მეტოქეების შესწავლაზე და შეკრება რომ დაიწყება ყველაფერს დეტალურად გვეტყვიან. მჯერა, მსოფლიო ჩემპიონატს სათანადოდ მომზადებულები შევხვდებით. კაბო ვერდესთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება ჩვენი პირველი შეხვედრა მსოფლიოზე და მისი მოგება მომდევნო ეტაპზე გასვლის საქმეში პირველი დიდი ნაბიჯი იქნება“.