ტაიმაუტი | გიორგი მოსიძე - არავინ დაუშვებს NBA-ის ტიპის ჩაკეტილი საფეხბურთო ლიგის შექმნას #1TVSPORT
დღეს და ხვალ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებია: „რეალი“ „ჩელსის“ უმასპინძლებს, პსჟ – „მანჩესტერ სიტის“. ამ მატჩებთან დაკავშირებით პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ გადაცემა „რა? სად? როდის?“ წამყვანმა და ფეხბურთის გულშემატკივარმა გიორგი მოსიძემ ისაუბრა.
„ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში საინტერესო ნახევარფინალები გვაქვს – აშკარა ფავორიტი არც ერთ წყვილშია.
„რეალი“-„ჩელსი“, კიდევ უფრო თანაბარი თამაში იქნება. მნიშვნელოვანია, რა შემადგენლობებს გამოიყვანენ მწვრთნელები.
მადრიდელების უპირატესობა მწვრთნელი ზინედინ ზიდანია, რომელსაც შეუძლია, ისეთი რამის გაკეთება, რაც „ლივერპულთან“ მოახერხა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ დღეს კონდიციების მიხედვით ძალიან შორსაა იმ „რეალისგან“, რაც წლების წინ იყო.
მეორე მხარესაა „ჩელსი“, აწყობილი მექანიზმი, რომელსაც შეუძლია მოახრჩოს „რეალი“. ეს გუნდი ცდილობს ნაკლები გაუშვას და თვითონაც ცოტას იტანს. ამას სტატისტიკაც ადასტურებს. თავის მხრივ მადრიდელებს უჭირთ ჩაკეტილ დაცვასთან თამაში.
ფაქტი ერთია – შეიძლება, მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ერთმა გოლმა გადაწყვიტოს.“
გიორგი მოსიძემ მეორე წყვილზე, პსჟ-„მანჩესტერ სიტიზეც“ ილაპარაკა:
„სიტის“ გულშემატკივარი ვარ. ბოლოსდაბოლოს, გადალახა მეოთხედფინალის ბარიერი და ახლოსაა ფინალთან. მთავარია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავარი მწვრთნელი გვარდიოლა, რა შემადგენლობას გამოიყვანს და რა ტაქტიკას აირჩევს.
თუ „სიტი“ ამოიქოქა და ის ფეხბურთი ითამაშა, როცა დაფრინავს, ამ სამი გუნდიდან ვერავინ გააჩერებს. პსჟ-ს დაუბრუნდნენ ფეხბურთელები, სათადარიგოთა სკამზეც მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს და თავის თამაშს ითამაშებს. შეიძლება, პირველივე მატჩში გამოიკვეთოს ფინალისტი.“
გადაცემა „რა? სად? როდის?“ წამყვანი ევროპის სუპერლიგასაც შეეხო.
„სუპერლიგა უეფა-ს კონგრესამდე რამდენიმე დღით ადრე შეიქმნა. ვფიქრობ, ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. უეფა ჩემპიონთა ლიგის ფორმატის განახლებას 2024 წლისთვის აპირებს. ამით იყვნენ უკმაყოფილო ტოპ-გუნდები და სუპერლიგის შექმნა სავაჭრო თემა იყო. შემდგომმა რეაქციამ მაფიქრებინა, მოლაპარაკებები შედგა, ვიღაცებმა უკან დაიხიეს.
სუპერლიგის იდეა იმდენად ნედლი იყო, რომ პერსპექტივა არ უჩანდა. ფეხბურთში დიდი ფული ტრიალებს და დღეს არავინ დაუშვებს, შეიქმნას NBA-ის ტიპის ჩაკეტილი ტოპ-ლიგა, არც იმას – ვინმე უეფა-სა და ფიფა-ზე მაღლა დადგეს.“