ტაიმაუტი | სანდრო ლორთქიფანიძე - ჩემპიონი პსჟ-სიტის წყვილში არის დამალული #1TVSPORT
ტაიმაუტი | სანდრო ლორთქიფანიძე - ჩემპიონი პსჟ-სიტის წყვილში არის დამალული #1TVSPORT

ორკვირიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ნახევარფინალური ეტაპით ბრუნდება, სადაც დღეს მადრიდის „რეალი“ ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლებს, ხოლო ხვალ „სიტი“ პსჟ-ს დაუპირისპირდება. საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ დღევანდელმა სტუმარმა, „წიგნების თაროს“ წამყვანმა და ფეხბურთის გულშემატკივარმა სანდრო ლორთქიფანიძემ ამ მატჩების შესახებ ისაუბრა და ორივე გუნდისა და მთავარი მწვრთნელის ტაქტიკები დაწვრილებით განიხილა.

„ვფიქრობ ტუხელი, როგორც პრემიერლიგაში აკეთებს ხოლმე, აქაც ეცდება, რომ მაქსიმალურად ჩაკეტოს თამაში და ითამაშოს კონტრშეტევებზე, შესაბამისად მთავარი დატვირთვა იქნება „რეალის“ ნახევარდაცვაზე, რომლებმაც კრეატივი უნდა შემოიტანონ და შეძლონ „ჩელსის“ ჩაკეტილი დაცვის გარღვევა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არ იქნება უხვგოლიანი თამაში, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ „ჩელსის“ კონტრშეტევებმა მოიტანოს გოლები და კიდევ უფრო გაურთულოს „რეალს“ საქმე, რადგან თუ მადრიდელებმა სწრაფი გოლი ვერ გაიტანეს, რასაც თავიდანვე ეცდებიან, მაშინ მთელი თამაშის განმავლობაში წნეხის ქვეშ იქნებიან და ბოლოს უფრო მეტი შტურმით გადავლენ შეტევაზე და შესაბამისად, „ჩელსისაც“ უფრო მეტად გაეხსნება სივრცეები.“

ტაიმაუტთან“ სანდრომ „რეალის“ ცვლილების პროცესებზეც ილაპარაკა და ზიდანსა და ტუხელს შორის, მისი აზრით, უკეთესი მწვრთნელი დაასახელა.

„ჩემი აზრით, „რეალი“ გადალაგების პერიოდშია, „ბარსელონასგან“ განსხვავებით, რომელმაც პირდაპირ გუნდის განახლება დაიწყო, მადრიდული კლუბი ამას უფრო ტალღოვნად აკეთებს, რადგან გუნდში ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიც არიან მოდრიჩიკროოსი და კაზემირო, არიან ახალგაზრდა ფეხბურთელებიც, შესაბამისად ვფიქრობ, რომ თვითონ ზიდანმაც ვერ იპოვა პირველი შემადგენლობა, რომელიც იქნება ფუნდამენტი გუნდის. ზიდანის ნიჭიერების და ტალანტის დიდი გულშემატკივარი ვარ, როგორც საფეხბურთო, ისე სამწვრთნელო კარიერაში. შესაბამისად, ზიდანის რეალი, რომელიც 3 წელი ლიგას იგებდა ბევრად უფრო სამაგალითო იყო, თავისი კრეატიულობით და საყურებლად საინტერესო თამაშით, რასაც ვერ ვიტყვი ტუხელზე, მაგალითად მე, როგორც მაყურებელს, ლამპარდის თამაში უფრო მომწონდა, რადგან ვფიქრობ, რომ მას უფრო შორი გეგმები ჰქონდა და არ იყო დღევანდელ შედეგზე ორიენტირებული, ტუხელი კი ამას მიუდგა ისე, როგორც სჩვევიათ ხოლმე გერმანელ მწვრთნელებს და ყველაფერი აქვს გათვლილი, გაწერილი და ტაქტიკურად თამაშობს.“

მან ასევე ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეაზეც ისაუბრა.

„სუპერლიგის იდეა არ მომეწონა, თუმცა არც ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი მომწონს. სუპერლიგის პრობლემა ის არის, რაც ყველა ჩაკეტილობას აქვს. მაგალითად, რომ ავიღოთ თბილისის „დინამო“, მიუხედავად იმისა, რომ „დინამო“ არაა ნამყოფი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და არავინ იცის როდის მოხვდება, მაინც ყოველწლიურად ნათელია ის გზა, რომელიც უნდა გავიაროთ, რომ მოვხვდეთ ჩემპიონთა ლიგაზე, არსებობს ღია კარი რომლამდეც ვერ მივდივართ, როდესაც ეს კარი იკეტება და გაურკვეველია იქ როგორ უნდა მოხვდე, ეს ჩაკეტილობა იმ გრანდების გულშემატკივრებს არ მოსწონთ. მე „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარი ვარ და მუდმივად ერთი და იგივე გუნდებთან თამაში არ მომეწონებოდა.“

სანდროს აზრით, ჩემპიონი პსჟ-სიტის წყვილშია დამალული.

„მეორე წყვილში არის ჩემპიონი დამალული. პსჟ და „სიტი“ ორივე არის გუნდი, რომლებიც წლებია უკვე არიან გრანდები და ლიგაზე ყოველთვის რაღაცა აკლდებათ. თავიდან იძახდნენ, რომ კლასის გამოცდილება სჭირდება გუნდს, რასაც ასე უცებ შედგენილი გუნდი ვერ აღწევს. გავიდა წლები და აქვთ ეს სტაჟიც. ვერც იმას ვიტყვით, რომ შეუთამაშებლები არიან, რადგან გვარდიოლას „სიტი“ პრემიერლიგაში ბრწყინავს და რამდენიმე დღის წინ თასი მოიგო, პსჟ არ ბრწყინავს თავის ჩემპიონატში, მაგრამ შემადგენლობით შესანიშნავი გუნდია. ვფიქრობ, რომ წელს ეს ნავსი გატყდება.“

დატოვე კომენტარი