ტაიმაუტი | ეკატერინე გორგოძე - შემდეგი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მივიღებ, ისევ ვალენსიაში ჩატარდება #1TVSPORT
ტაიმაუტი | ეკატერინე გორგოძე - შემდეგი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მივიღებ, ისევ ვალენსიაში ჩატარდება #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტაიმაუტი“ პირდაპირ ეთერში ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ჩაერთო, რომელმაც კარლსრუესა და ვალენსიაში მოპოვებულ ტიტულებზე ილაპარაკა.

„კარლსრუეს ტურნირზე ვითამაშე ჩემს მეგობართან, ირინა ბარასთან ერთად. საკმაოდ წარმატებული ტურნირი გამოვიდა, ჩემი პირველი WTA-ის ტიტულია და ძალიან ბედნიერი ვარ. უფრო სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩემს მეგობართან ერთად მოვიპოვე გამარჯვება. ბოლო ყველა ტურნირი დაუგეგმავი იყო და მეწყვილე მე ავირჩიე, საბოლოო ჯამში კი ისე გამოვიდა, რომ ყველა ტურნირი გამარჯვებით დავასრულე.

რაც შეეხება ვალენსიის ტურნირს, ჩემი მეწყვილე ვინც იყო, მასთან ერთად თამაში დაგეგმილი არ მქონდა და უნდა მეთამაშა ირინა ბარასთან ერთად. მაგრამ ბოლოს ერთად თამაში არ გამოგვივიდა, რადგან ჩემს მეწყვილეს ბოლო მომენტში უარი ვერ ვუთხარი.“

გორგოძის მეტოქე ნახევარფინალში ირინა ბარა იყო, რომელთან ერთადაც მან კარლსრუეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

„საკმაოდ არასასიამოვნო ნახევარფინალი გამოგვივიდა, თან საინტერესო. ყველაზე მეტად ამ ეტაპზე გაგვიჭირდა, ირინა ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. ფინალი საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა, რადგან ერთ-ერთი მოთამაშე ესპანელი იყო, ტრიბუნები „დაინგრა“ და ჩვენ წინააღმდეგ იყო ყველა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ტურნირშიც მოვახერხე გამარჯვება.“

ეკომ „ტაიმაუტთან“ თავის მომავალზეც ილაპარაკა.

„ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის ერთეულთა თანრიგი იყო და ალბათ, ასე დარჩება. აქცენტის გაკეთებას წყვილთა თანრიგზე არ ვაპირებ, მაგრამ ვეცდები, ყველა ტურნირზე ვითამაშო. დიდი შანსი მაქვს შემდეგ დიდ სლემზე წყვილთა თანრიგის ძირითად ბადეში მოვხვდე, შესაბამისად ამაზე გავაკეთებ აქცენტს.

შემდეგი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მივიღებ კვლავ ვალენსიაში ჩატარდება, რის შემდეგაც ჩამოვალ საქართველოში, დავისვენებ ორი კვირით და მოვემზადები დიდი ტურნირებისათვის.“

დატოვე კომენტარი