ტაილანდისა და კამბოჯის ძალებს შორის საზღვრის სადავო რაიონში შეტაკებაა, ორივე მხარე ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებს
ტაილანდისა და კამბოჯის ძალებს შორის საზღვრის სადავო რაიონში შეტაკებაა. ორივე მხარე ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებს.
ვითარება ტაილანდსა და კამბოჯას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთი დღით ადრე საზღვრის გასწვრივ ნაღმის აფეთქების შედეგად ტაილანდელი სამხედრო დაშავდა.
ორ ქვეყანას შორის შეტაკებების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ტაილანდის მთავრობის ცნობით, კამბოჯის ძალებმა ტაილანდური სოფლის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, რის შედეგადაც დაიღუპა ორი მოქალაქე, კიდევ ორი კი დაშავდა.
ტაილანდმა კამბოჯასთან საზღვარი დაკეტა, საზღვრის მიმდებარე 86 სოფლიდან ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა და სკოლები დახურა. თავის მხრივ, ტაილანდმა კამბოჯაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ტაილანდმა „ეფ-16“-ის ტიპის ექვსი თვითმფრინავი გაუშვა კამბოჯაში სამიზნეებზე დარტყმებისთვის.
კამბოჯის თავდაცვის სამინისტრო ტაილანდს გადამეტებული ძალის გამოყენებაში სდებს ბრალს, რაც, უწყების ცნობით, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
ტაილანდის ხელისუფლება მეზობელ ქვეყანაში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, კამბოჯა დატოვონ. თავის მხრივ, კამბოჯამ ტაილანდთან დიპლომატიური ურთიერთობები ყველაზე დაბალ დონემდე შეამცირა.
ტაილანდსა და კამბოჯას შორის სასაზღვრო დავა საუკუნეზე მეტ ხანს გრძელდება. ვითარება განსაკუთრებულად დაიძაბა 2008 წელს, როდესაც კამბოჯამ სადავო სასაზღვრო რაიონში მდებარე ტაძრის იუნესკო-ს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში დარეგისტრირება სცადა, რასაც ტაილანდის პროტესტი მოჰყვა. წლების განმავლობაში აღნიშნულ სასაზღვრო რაიონში მხარეებს შორის შეტაკებები ხდება. ბოლო შეიარაღებული დაპირისპირება მაისში მოხდა, როდესაც კამბოჯელი სამხედრო მოკლეს.
ბოლო თვეებში ქვეყნებმა ერთმანეთს სასაზღვრო შეზღუდვები დაუწესეს. კამბოჯამ ტაილანდიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი აკრძალა, ასევე შეწყვიტა ელექტროენერგიისა და ინტერნეტმომსახურების იმპორტი. ბოლო კვირების განმავლობაში კამბოჯამ და ტაილანდმა საზღვრის გასწვრივ დამატებითი სამხედრო ძალები განათავსეს.