ტაილანდის სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა ჯარისკაცმა 20 ადამიანი მოკლა
ტაილანდის სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა ჯარისკაცმა 20 ადამიანი მოკლა

ტაილანდის სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა ჯარისკაცმა 20 ადამიანი მოკლა.

ტაილანდური მედიის ინფორმაციით, ქალაქ ნახონ რატჩასიმას სავაჭრო ცენტრ, „ტერმინალ 21“-ში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. თავდამსხმელს 16 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ტაილანდის არმიის კაპრალმა, სამხედრო ბაზაზე მეთაური მოკლა, შემდეგ იარაღი და ავტომობილი გაიტაცა და ქალაქის ცენტრში ჯერ ბუდისტურ ტაძარს გაუხსნა ცეცხლი, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და სროლა დაიწყო.

გამოცემა „ბანგკოკ პოსტის“ ინფორმაციით, სამხედრო ბაზაზე 32 წლის ჯარისკაცმა 63 წლის ქალი და კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე მოკლა. პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი თავდამსხმელის გასანეიტრალბლად ტაილანდის დედაქალაქიდან ჩაფრინდა.

სავაჭრო ცენტრში ამ დრომდე სროლის ხმა ისმის. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებს და მედიას მოუწოდა, შეწყვიტონ პირდაპირ რეჟიმში გაშუქება, რომ თავდამსხმელმა ოპერაციის შესახებ დეტალები არ გაიგოს. ჯარისკაცი, რომელიც სავარაუდოდ ქვეყნის არმიაში სნაიპერად მსახურობდა, თავდასხმას „ფეისბუქში“ პირდაპირ რეჟიმში გადასცემდა. მისი გვერდი მალევე დაიბლოკა. „მღელვარების დროა. ვერავინ გაექცევა სიკვდილს“ – თქვა თავდამსხმელმა მოკლე მიმართვაში.