ტაილანდის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს გამართავს
ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანუტინ ჩარნვირაკული აცხადებს, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს გამართავს.
ანუტინ ჩარნვირაკულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:20 საათზე შედგება.
„ვფიქრობ, ეს მხოლოდ განახლებაა. ტრამპი ალბათ იკითხავს, როგორ მიდის საქმეები. ბოლოს მასთან ვისაუბრე თითქმის ერთი თვის წინ სამეფო ვიზიტის ფარგლებში, ასე რომ, ეს მხოლოდ განახლებაა. რაც შეეხება გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს, ეს ტაილანდის მთავრობის საქმეა, რომელმაც უკვე გამოხატა მხარდაჭერა და უფლებამოსილება გადასცა ტაილანდის შეიარაღებულ ძალებს, გააგრძელონ მოქმედება“, – განაცხადა მან.
მანამდე თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა კამბოჯასა და ტაილანდს შორის კონფლიქტის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
„ჩვენ რვა ომი მოვაგვარეთ. დაფიქრდით. რვა ომი მოგვარებულია, თუმცა ტაილანდისა და კამბოჯის შემთხვევაში, ვფიქრობ, მოგვიწევს, რამდენიმე სატელეფონო ზარი განვახორციელოთ, მაგრამ ამასაც ძველ რელსებზე დავუბრუნებთ“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, უკვე ხუთი დღეა, რაც ტაილანდსა და კამბოჯას შორის კონფლიქტი განახლდა. ქვეყნები 817 კმ-იანი საზღვრის გასწვრივ რამდენიმე ადგილას იბრძვიან. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა. საომარი მოქმედებების გამო ასობით ათას ადამიანს იძულებით გადაადგილება მოუწია.