ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილმა ბავშვებმა მშობლებს წერილები გაუგზავნეს
ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილმა ბავშვებმა მშობლებს წერილები გაუგზავნეს

მიწისქვეშეთში გატარებული ორი კვირის თავზე, სამაშველო ოპერაციების პარალელურად, 12-მა მოზარდმა და მათმა მწვრთნელმა ოჯახის წევრებს წერილები გაუგზავნეს. ემოციური წერილები მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ბავშვები მშობლებსა და ოჯახის წევრებს სთხოვენ, არ ინერვიულონ და აიმედებენ, რომ მალე შეხვდებიან. პარალელურად, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ტაილანდის მთავრობა ალტერნატიულ ვერსიებს განიხილავს. სამაშველო ოპერაციაში ათობით მოხალისეა ჩართული.

რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი გამოქვაბულის სიახლოვეს მდებარე მდინარიდან, საიდანაც წყალი სწორედ მღვიმეში ჩაედინება, წყლის დაშრობას ცდილობს.

ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის მღვიმეში ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების 12 მოზარდი და მათი მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ცხრა დღის შემდეგ შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს. მოზარდების იქ ყოფნის პერიოდში, გამოქვაბული წყლით აივსო, რის გამოც მათ გარეთ გასვლა ვერ შეძლეს და მიწისქვეშეთში იზოლაციაში აღმოჩნდნენ.