ტაილანდის მეფე კორონაციამდე რამდენიმე დღით ადრე მოულოდნელად დაქორწინდა
ტაილანდის მეფე კორონაციამდე რამდენიმე დღით ადრე მოულოდნელად დაქორწინდა

ტაილანდში მეფედ კურთხევის ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე, 66 წლის მაჰა ვაჯირალონგკორნი მოულოდნელად დაქორწინდა.

მონარქის რჩეული მისივე პირადი დაცვის სამსახურის წარმომადგენელია, რომელსაც ქორწინების შედეგად, დედოფლის ტიტული მიანიჭა.

მაჰა ვაჯირალონგკორნი ტაილანდის კონსტიტუციური მონარქი, მამის – მეფე ბუმიბოლ ადულიადეის გარდაცვალების შემდეგ 2016 წელს გახდა, თუმცა კორონაციის ოფიციალური ცერემონია ტრადიციის მიხედვით, ხანგრძლივი გლოვის შემდეგ, ბანგკოკში 4 მაისს გაიმართება. მონარქი მეფე რამა X-ის სახელს ატარებს.

მისი რჩეული დედოფალი სუთიდა ტიდჯაი ტაილანდის ავიახაზების ყოფილი ბორტგამცილებელია. 2014 წელს ჯერ კიდევ ტახტის მემკვიდრემ, პირადი დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნა. 2016 წელს კი, გენერლის წოდებაც მიანიჭა.

მეფე რამა X ქორწინებაში სამჯერ იმყოფებოდა და 7 შვილი ჰყავს.