ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი მასწავლებელია, 15 კი დაშავდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
მედიის ცნობით, სროლა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის შემოგარენში, ნონთაბურის პროვინციაში მდებარე Debsirin-ის სკოლაში მოხდა.
ადგილობრივი მედიისა და პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი სკოლის მეცხრეკლასელი, 14 წლის მოსწავლე იყო. გავრცელებული ცნობებით, მან სროლის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ინციდენტის შემდეგ ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლები მივიდნენ.
ტაილანდში Debsirin-ის სკოლა ერთ-ერთ პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებად მიიჩნევა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ფილიალი აქვს.
ცნობისთვის, ტაილანდში ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ კანონმდებლობა მკაცრია და იარაღის უკანონო ფლობა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში ტაილანდში არაერთი თავდასხმა მოხდა.