საქართველოში ტაილანდელი ტურისტების რაოდენობა 1231 პროცენტით გაიზარდა
საქართველოში ტაილანდელი ტურისტების რაოდენობა 1231 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობა ტაილანდიდან 1231 პროცენტით გაიზარდა. თუ 2018 წლის ნოემბერში საქართველოს აზიური ქვეყნიდან 145 მოქალაქე ესტუმრა, მიმდინარე წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 1930-მდე გაიზარდა.

იანვარ-ნოემბერში ტაილანდიდან საქართველოს 10 011 მოქალაქე ესტუმრა, რაც გასული წლის 11 თვის მაჩვენებელს 234.7 პროცენტით აღემატება.

ამასთან, დეკემბრის ბოლოს ტაილანდური ავიაკომპანია „თაი ეარაზია“ (Thai AirAsia X) საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული რეისების შესრულებას იწყებს. ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის საჰაერო ხაზზე ფრენები 25, 27, 28, 29 დეკემბერს და პირველ, 2 და 6 იანვარს (ექვსი ფრენა) განხორციელდება. პირდაპირი ჩარტერული რეისები „ეარბასის“ (Airbus A330) ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანაზე იქნება ორიენტირებული.