ტაილანდი კამბოჯას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმესაათიან განზრახ დარღვევაში ადანაშაულებს, კამბოჯის თავდაცვის სამინისტრო კი ბრალდებებს უარყოფს
ტაილანდი კამბოჯას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმესაათიან განზრახ დარღვევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ტაილანდის სამხედრო ძალების განცხადებით, მათ სროლა შუაღამის შემდეგ შეწყვიტეს, თუმცა კამბოჯის მხრიდან სროლა „რამდენიმე ადგილას“ დილამდე გაგრძელდა. კამბოჯის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ შუაღამისას ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ ორ მხარეს შორის „შეიარაღებული შეტაკებები არ მომხდარა“.
ბრალდებების მიუხედავად, მანამდე ადგილობრივ მეთაურებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი იყო. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შეწყვეტდა სროლას და შეაჩერებდა ჯარების გადაადგილებას ფრონტის ხაზზე. ისინი ასევე ერთმანეთს დაღუპულების ცხედრების გატანის საშუალებას მისცემდნენ.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის საუკუნოვანი სადავო საზღვრის გამო დაძაბულობა მაისში გამწვავდა, როდესაც შეტაკების დროს კამბოჯელი ჯარისკაცი დაიღუპა. დაპირისპირება სრულმასშტაბიან კონფლიქტში გასულ კვირას გადაიზარდა, მას შემდეგ, რაც ხუთი ტაილანდელი ჯარისკაცი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიჭრა. ტაილანდმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ნაწილი დახურა, კამბოჯის ელჩი გააძევა და პნომპენიდან საკუთარი ელჩი გაიწვია. სასაზღვრო შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა და ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა.