„თედეევის გამოსახულებით მაისურის ჩაცმა ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გვთხოვეს“ - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ბოდიშს იხდის
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფოტო რუსეთის დროშის ფერებიან მაისურებში ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატთან, ჯამბულატ თედეევთან ერთად გადაიღეს, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
გიორგი იანტბელიძე აცხადებს, რომ თედეევის გამოსახულებით მაისურის ჩაცმა საქართველოს ნაკრების წევრებს ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა სთხოვეს.
მისივე თქმით, ეს დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო, რის გამოც ბოდიშს იხდის.
„მოგესალმებით ყველას. დიდი გულისტკივილით მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ფოტოს.
აღნიშნული ფოტო გადაღებულია დაღესტანში, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ორგანიზატორებმა გვთხოვეს ჩემპიონატის მაისურის ჩაცმა, რომელზეც გამოსახული იყო ჯაბო თედეევი.
სამწუხაროა ფაქტი ისაა რომ ეს ადამიანი სპორტის გარდა დაკავშირებულია პოლიტიკასთან. მითუმეტეს ჩვენს მოუშუშებელ ტკივილთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამაჩაბლოსთან.
მერწმუნეთ, ეს ყველაფერი არის დაუფიქრებლობის შედეგი და არა მიზანმიმართული ქმედება. ჩვენ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას – ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი ომის 10 წლისთავზე. მაშინ, როცა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი, თქვენი თავისუფლებისთვის დაღუპული მებრძოლებისადმი.
თავის მართლებას არ ვაპირებთ. ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო.
მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!“, – წერს გიორგი იანტბელიძე „ფეისბუქზე“.
მოგესალმებით ყველას. დიდი გულისტკივილით მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ფოტოს.აღნიშნული ფოტო…
Posted by გიორგი იანტბელიძე / Giorgi Iantbelidze on ხუთშაბათი, 16 აგვისტო, 2018
ფოტო, რომელზეც საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრები და გუნდის მთავარი მწვრთნელი რუსეთის დროშის ფერებიან მაისურებში ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატთან, ჯამბულატ თედეევთან ერთად არიან, სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. პირველ არხთან საუბრისას გიორგი იანტბელიძემ განაცხადა, რომ ფოტო სამი თვის წინ არის გადაღებული და პოლიტიკასთან კავშირში არ არის.
„ფეისბუქზე“ განცხადება გაავრცელა გენო პეტრიაშვილმაც. მისი თქმით, ფოტოს გადაღება იყო მეგობრული ჟესტი და მაისურის ფერისთვის ყურადღება არ მიუქცევია.