გენო პეტრიაშვილი - ფოტოს გადაღება იყო მეგობრული ჟესტი, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის
გენო პეტრიაშვილი - ფოტოს გადაღება იყო მეგობრული ჟესტი, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრები რუსეთის დროშის ფერებიან მაისურებში არიან გამოწყობილნი, გენო პეტრიაშვილი განცხადებას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

პირველი არხი ქართველი სპორტსმენის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში, სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიანი მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ. მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო, ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის.

მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!“, – წერს გენო პეტრიაშვილი „ფეისბუქზე“.

მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა….

Posted by Petriashvili Geno on ხუთშაბათი, 16 აგვისტო, 2018

 

ფოტო, რომელზეც საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრები და გუნდის მთავარი მწვრთნელი რუსეთის დროშის ფერებიან მაისურებში ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატთან, ჯამბულატ თედეევთან ერთად არიან, სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. პირველ არხთან საუბრისას გიორგი იანტბელიძემ განაცხადა, რომ ფოტო სამი თვის წინ არის გადაღებული და პოლიტიკასთან კავშირში არ არის.