ტაბიძის მორიგი აღიარება - ქართველი გუნდის წლის მოთამაშეა
ტაბიძის მორიგი აღიარება - ქართველი გუნდის წლის მოთამაშეა

პოპულარული რუსული ინტერნეტ-პორტალის, „სპორტსის“ ჟურნალისტმა ალეკსანდ სიმბირსკიმ რუსეთის პრემიერლიგის „უფას“ წლის შედეგები განიხილა და სეზონის ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე დაასახელა.

„გუნდის სეზონის საუკეთესო მოთამაშეა – ჯემალ ტაბიძე (25 მატჩი, ერთი გოლი, ერთი საგოლე გადაცემა). ტრადიციულად, „უფას“ დაცვის ლიდერად მირჩა ნედელჩარუ ითვლებოდა. მაგრამ მან მატჩების მესამედი გამოტოვა, ხოლო მისმა პარტნიორებმა თვისებრივი წინსვლა აჩვენეს. განსაკუთრებით ქართველის წარმატება მახარებს – ტაბიძეს ყოველთვის ჰქონდა კარგი მონაცემები, მაგრამ თავის სრულად წარმოჩენაში სულელური ინდივიდუალური შეცდომები და ტრავმები უშლიდა ხელს. ტაბიძე შთამბეჭდავია თავდაუზოგავი თამაშითა და ორთაბრძოლების უნარით. სეზონის დროს დიდი პროგრესი ჰქონდა,“ – წერს „სპორტს“-ის ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ, რუსულმა გამოცემა „ნიუს.რუ“-მ ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.