კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში რამდენიმე საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა
კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში რამდენიმე საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, თბილისში რამდენიმე ბაღი დროებით დაიხურა.

კერძოდ, 12 ოქტომბრის შემდეგ, სასწავლო პროცესი შეწყდა თბილისის მე-4 საბავშვო ბაღში. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ორი კვირით შეაჩერა მუშაობა თბილისის 93-ე ბაგა-ბაღმაც. ბაღის ინფორმაციით, სპეცპედაგოგს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ეს არ გვაძლევს პანიკის საფუძველს, რადგან ექვსი ოქტომბრიდან პედაგოგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, ტემპერატურის გამოვლენის (06.10) შემდეგ არ ყოფილა ბაღში, ასევე არ ყოფილა არც გახსნის დღეს“, – აცხადებენ ბაგა-ბაღის ადმინისტრაციაში.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ორი კვირით სასწავლო პროცესი შეწყდა დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღში. უცნობია ზუსტი ციფრი, თუ რამდენმა ბაღმა შეაჩერა მუშაობა 12 ოქტომბრის შემდეგ. ბაღების მართვის სააგენტოში ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება.

შეგახსენებთ, თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა. გამონაკლისი მხოლოდ გლდანის 53-ე, დიდუბეში მდებარე 99-ე და კრწანისში მდებარე 36-ე ბაღი იყო. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სამის ბაღის პერსონალს შორის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.

დატოვე კომენტარი