სვეტლანა ციხანოვსკაია გაერო-ს ბელარუსში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნისკენ მოუწოდებს
სვეტლანა ციხანოვსკაია გაერო-ს ბელარუსში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნისკენ მოუწოდებს

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია გაერო-ს ბელარუსში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს ონლაინ-კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ესტონეთის ინიციატივით ჩატარებული კონფერენცია ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნებოდა.

„მოვუწოდებთ გაერო-ს, დაუყოვნებლივ გაგზავნოს ბელარუსში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რათა დოკუმენტურად დააფიქსირონ ადგილზე არსებული სიტუაცია. ვითხოვთ ბელარუსის საკითხზე სპეციალური მომხსენებლის თავისუფალ დაშვებას ქვეყანაში. ვითხოვთ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – განაცხადა ციხანოვსკაიამ.

სვეტლანა ციხანოვსკაიამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, სანქციების დაწესებისკენ იმ პირებისთვის, ვინც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობაზეა პასუხისმგებელი.

„მინდა, რომ გასაგები იყოს: ბატონი ლუკაშენკოს რეჟიმთან თანამშრომლობა ამჟამად ნიშნავს ძალადობისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის მხარდაჭერას. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ ყველა მექანიზმი ძალადობის შესაჩერებლად, მათ შორის ინდივიდუალური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევები და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა“, – განაცხადა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა.

სვეტლანა ციხანოვსკაიას თქმით, ლუკაშენკო აღარ წარმოადგენს ბელარუსს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოპოზიცია მზად არის ყველა იმ მხარესთან, პარტიასთან და ქვეყანასთან დიალოგისთვის, რომლებიც ბელარუსის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სცემენ პატივს.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს შემდეგ იმართება. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 80 პროცენტით გამარჯვებულად კვლავ მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა.