სვეტლანა ციხანოვსკაია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, სტეფან ბიგანს შეხვდა
სვეტლანა ციხანოვსკაია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, სტეფან ბიგანს შეხვდა

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს სტეფან ბიგანს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრის დროს ციხანოვსკაიამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს ბელარუსში დემონსტრაციების მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ მზად არის ვითარების დიალოგის გზით დარეგულირებისთვის.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ, ვისაუბროთ და ვისწრაფვით მშვიდობიანი დარეგულირებისკენ. ჩვენ ღია ვართ საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობისთვის დიალოგის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ ასევე ბელარუსის ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მიუკერძოებელ გამოძიებას ვითხოვთ“, – განაცხადა ციხანოვსკაიამ.

მანამდე, სტეფან ბიგანმა ბელარუსის საკითხზე ლიეტუვაში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.

„9 აგვისტოს ბელარუსში არჩევნები არ შეესაბამებოდა სტანდარტებს. ჩვენ ვგმობთ არჩევნების შემდგომ ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეს და მოვუწოდებთ ყველა დაკავებულის გათავისუფლებას, ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ბელარუსის მთავრობას, მიიღოს ეუთო-ს თავმჯდომარის შეთავაზება დიალოგის ხელშეწყობისა და ყველა მონაწილის ჩართულობისთვის“, – განაცხადა ბიგანმა.