სვეტლანა ალექსიევიჩი აცხადებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომამდე სამშობლოში არ დაბრუნდება
სვეტლანა ალექსიევიჩი აცხადებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომამდე სამშობლოში არ დაბრუნდება

ნობელიანტი ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომამდე სამშობლოში არ დაბრუნდება, – ამის შესახებ ალექსიევიჩმა გერმანულ „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მწერალი ასევე მიიჩნევს, რომ დასავლეთში ბელარუსში განვითარებული მოვლენები არ ესმით.

„სასტიკი ძალადობა უდანაშუალო ადამიანების წინააღმდეგ. ციხეები გადავსებულია ადაიანებით, რომელთა ერთადერთი დანაშაული ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილებაა. ადამიანებს აკნინებენ. ციხის საპირფარეშოებში არ არის წყალი. ხუთ ადამიანზე გათვლილ საკანში 35 პატიმარია. ადამიანები ფეხზე დგანან და ისე იძინებენ“, – ამბობს ალექსიევიჩი გერმანულ გამოცემასთან საუბარში.

მისი შეფასებით, ბელარუსში ამჟამად „ჰიბრიდული სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, რომელშიც ლუკაშენკოს მომხრეები საზოგადოების მეორე ნაწილს უპირისპირდებიან“.

„მსოფლიო დუმს, როდესაც ამაყი ქვეყანა შეშლილ მკვლელს ებრძვის“, – ამბობს ალექსიევიჩი.

ნობელიანტი ამბობს, რომ დასავლეთმა ლუკაშენკოსა და მისი მთავრობის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაამკაცროს. კერძოდ, ის მოითხოვს, რომ ბელარუსი საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გათიშონ და სანქციები დაწესდეს ნავთობის კომპანიების წინააღმდეგ.

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ამჟამად იმყოფება ბერლინში, სადაც ის 7 კვირის წინ სამკურნალოდ ჩავიდა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები უკვე შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის წინააღდმეგ სანქციები გამკაცრდება. კერძოდ, შეზღუდვები ბელარუსულ კომპანიებსაც შეეხება.

ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც გამარჯვებულად ქვეყნის ცესკო-მ ზედიზედ მეექვსედ ალექსანდრ ლუკაშენკო დაასახელა.