„სვეტის“ ობიექტებზე სამშენებლო პროცესის გაგრძელება თებერვლიდან იგეგმება
„სვეტის“ ობიექტებზე სამშენებლო პროცესის გაგრძელება თებერვლიდან იგეგმება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულების საკითხზე ისაუბრა.

კალაძის თქმით, დღეს თბილისის მთავრობა საკრებულოს „სვეტის“ ყოფილი მშენებლობების დასრულების მიზნით, მერიის ხელშემწყობი ღონისძიებების ნუსხას შესათანხმებლად გადაუგზავნის.

კალაძემ აღნიშნა, რომ „სვეტის“ ობიექტებზე სამშენებლო პროცესის გაგრძელება 2020 წლის თებერვლიდან იგეგმება.

„ამ მიმართულებით გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, გავაფორმეთ ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია m2 კვადრატთან და  2 500 ოჯახს, ვინც არის სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული, აუცილებლად მოვუგვარებთ იმ პრობლემას, რომელიც აწუხებდათ. დაზარალებულების  ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის საკრებულომ „სვეტის“ სამშენებლო ობიექტებს ნუცუბიძის, მირცხულავას, ჭყონდიდელის ქუჩებზე მიანიჭა დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი. აღნიშნულის საფუძველზე, დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხის განმხილველი კომისიის ინტენსიური მუშაობის შედეგად, უკვე დასრულდა სამშენებლო ობიექტთან მიმართებაში არსებული არქიტექტურული, ურბანული, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი საკითხების განხილვა, დაზუსტდა და განისაზღვრა ის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს თვითონ ამ პროექტის დასასრულებლად, რათა დროულად და რაც შეიძლება სწრაფად დავამთავროთ, დავაკმაყოფილოთ დაზარალებულები.

დღეს კომისიის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე თბილისის მთავრობა განიხილავს და საკრებულოს შესათანხმებლად გადაუგზავნის „სვეტის“ ყოფილი მშენებლობების დასრულების მიზნით, მერიის ხელშემწყობი ღონისძიებების ნუსხას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სამშენებლო კომპანიასთან და ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით იანვრის ბოლოს, თებერვალში მიიღებენ სამშენებლო ნებართვებს. აქტიურად არიან ჩართული ჩვენი სამსახურები. ამ მჭიდრო კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, თებერვალში უკვე შესაძლებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რაც ძალიან კარგია“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.