„სვეტის“ მშენებლობებს კომპანია m2 დაასრულებს [ფოტო]
„სვეტის“ მშენებლობებს კომპანია m2 დაასრულებს [ფოტო]

„სვეტის“ მშენებლობებს კომპანია m2 დაასრულებს. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დასრულებულ ბინას 2500-მდე ოჯახი მიიღებს.

მშენებლობების დასრულების მიზნით, m2 კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).

სამივე პროექტი ამ ეტაპზე 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, აღნიშნულ კომპლექსებში საცხოვრებელს 2500-მდე მობინადრე ელოდება. ამჟამად უკვე დასრულებულია თბილისის მერიისა და m2-ის მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები და გაფორმებულია ხელშეკრულებები „სვეტის“ კომპანიებთან და მიწების მესაკუთრეებთან.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება m2-ის მიერ. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას m2-ის 26-წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია BK Construction განახორციელებს.

„წარმატება არ არის საბოლოო, მარცხიც არ არის ტრაგედია, გაგრძელების სურვილია მთავარი. შესაბამისად, ეს წარმატება არ არის საბოლოო და ამ 2500 ოჯახის გარდა, მსგავსად დაზარალებული უფრო მეტი ოჯახის საკითხების გადაწყვეტის შემდეგ, „ცენტრ პოინტის“ ამბებს ვგულისხმობ, ვფიქრობ, ჩვენ ერთად შეგვეძლება იმის თქმა, რომ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველა შესაძლებლობაში ეძებენ პრობლემას, მაგრამ საბედნიეროდ, ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველა პრობლემაში ეძებენ შესაძლებლობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მშენებლობა დაიწყება პროექტების შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე. მშენებლობა დასრულდება ნებართვების აღებიდან სამი წლის ვადაში.

„ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღეთ. აღნიშნულ პროექტში ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით ჩავერთეთ და მადლიერები ვართ ამგვარი ნდობის გამოცხადებისთვის. მოგეხსენებათ, თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები ყველა ჩართულ მხარესთან და როგორც ხედავთ, შედეგიც დადგა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი პრაქტიკა ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა და გვიხარია, რომ ჩვენი დახმარებით, წლების განმავლობაში მომლოდინე ოჯახები კუთვნილ ბინას მიიღებენ“, – განაცხადა m2-ის მმართველმა პარტნიორმა შოთა ბერეკაშვილმა.