სვენია შულცე - საქართველო, ისევე, როგორც მოლდოვა და უკრაინა, არის ევროპული ოჯახის ნაწილი, პუტინს არ შეუძლია, გაარღვიოს კავშირი, რომელიც არსებობს ევროკავშირსა და მეზობელ ქვეყნებს შორის
სვენია შულცე - საქართველო, ისევე, როგორც მოლდოვა და უკრაინა, არის ევროპული ოჯახის ნაწილი, პუტინს არ შეუძლია, გაარღვიოს კავშირი, რომელიც არსებობს ევროკავშირსა და მეზობელ ქვეყნებს შორის

ევროკავშირის წევრობისკენ გზა არ არის დაკეტილი, არის რეფორმების აუცილებლობა და ევროკავშირმა გამოყო, თუ რა რეფორმებია ჩასატარებელი, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა სვენია შულცემ განაცხადა, რომელმაც სოფელ ძალისში სკოლების ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული პროექტის ხელმოწერის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

„აქ ვდგავართ გვერდიგვერდ საქართველო, გერმანია და ევროკავშირი. მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველო, ისევე, როგორც მოლდოვა და უკრაინა, არის ევროპული ოჯახის ნაწილი. რუსეთის ომმა გამოიწვია უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი დანაკარგი, მაგრამ პუტინს არ შეუძლია, გაარღვიოს კავშირი, რომელიც არსებობს ევროკავშირსა და ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის აღმოსავლეთის მხრიდან. ძალიან გამამხნევებელია იმის დანახვა, თუ რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში საქართველოში ევროკავშირის წევრობის მხარდასაჭერად. მე ძალიან კარგად მესმის მათი გულისტკივილი, მაგრამ ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ევროკავშირის წევრობისკენ გზა არ არის დაკეტილი, არის რეფორმების აუცილებლობა და ევროკავშირმა გამოყო, თუ რა რეფორმებია ჩასატარებელი“, – განაცხადა სვენია შულცემ.

მისივე თქმით, გერმანიას უნდა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე.

„ამაში დაგვეხმარება ჩვენი განვითარების თანამშრომლობა. მე აქ დღეს ვდგავარ საქართველოს მთავრობასთან და ევროკავშირთან ერთად, რადგან ჩვენ ახლახან ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის მშვენიერი მაგალითია. პირველად საქართველო ახორციელებს ფართომასშტაბიან პროგრამას საჯარო შენობების განახლებისა, რათა ეს შენობები გახდეს ენერგოეფექტური. გერმანია უზრუნველყოფს 43 მილიონ ევროს, რათა დაეხმაროს სკოლის შენობების განახლებაში. ევროკავშირი ასევე უზრუნველყოფს დაფინანსებას. მე მართლაც ძალიან მახარებს, რომ ბავშვებს ამ სკოლაში ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ და გაიგონ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგია და რა შეუძლიათ, გააკეთონ, რათა დაზოგონ ენერგია“, – აღნიშნა სვენია შულცემ.