სვენ მიქსერი - ვიმედოვნებთ, რომ 12 რეკომენდაციის შესრულება იქნება კარგად კოორდინირებული, ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტს თავისი როლი აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს იყოს ინკლუზიური პროცესი
სვენ მიქსერი - ვიმედოვნებთ, რომ 12 რეკომენდაციის შესრულება იქნება კარგად კოორდინირებული, ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტს თავისი როლი აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს იყოს ინკლუზიური პროცესი

ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესი კარგად კოორდინირებული იქნება.

როგორც მიქსერმა აღნიშნა, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით გეგმა აქვს როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას, ასევე მოსაზრებები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მკაფიო ვიყავით. როგორც ჩანს, მმართველ პარტიას აქვს გეგმა, ასევე ოპოზიციურ პარტიას და სავარაუდოდ ერთზე მეტი. არასამთავრობოებს აქვთ მოსაზრებები, თუ როგორ უნდა იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება კარგად კოორდინირებული პროცედურა. ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტს ამაში თავისი როლი აქვს. ვფიქრობ, პრეზიდენტს, პარლამენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს აქვთ თავისი როლი, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს იყოს ინკლუზიური და ტექნიკური პროცესი. არის გარკვეული საკითხები, რომელთა გამოც რთულია პროგრესის გაზომვა, მაგრამ შესაძლებელია მისი შეფასება. ერთ-ერთია დეპოლარიზება და ეს გულისხმობს, რომ პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს, ევროპარლამენტარის თქმით, აღნიშნულს სისტემური მიდგომა სჭირდება.

„დეოლიგარქიზაციის საკითხს უნდა მივუდგეთ, როგორც სისტემურს. ეს ასევე მოიცავს ინკლუზიურობას. საკვანძო პოზიციებზე მნიშვნელოვანი დანიშვნები უნდა ხორციელდებოდეს ისე, რომ იყოს გამჭვირვალე და არავის, არც რომელიმე ინსტიტუციას ან პოლიტიკურ პარტიას არ აძლევდეს პროცესის მონოპოლიზების საშუალებას. ვფიქრობ, ეს არის სისტემური საკითხი“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.

საქართველოში იმყოფება ევროპარლამენტართა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დევიდ მაკალისტერი, ზელიანა ზოვკო, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ტიერი მარიანი და ასიტა კანკო.