სვენ მიქსერი - ვფიქრობ, საწყისი გარემო იძლეოდა საშუალებას, რომ ქართველი პოლიტიკოსები უკრაინის რეზოლუციაზე ერთიანი პოზიციით გამოსულიყვნენ, ეს იშვიათი შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული
სვენ მიქსერი - ვფიქრობ, საწყისი გარემო იძლეოდა საშუალებას, რომ ქართველი პოლიტიკოსები უკრაინის რეზოლუციაზე ერთიანი პოზიციით გამოსულიყვნენ, ეს იშვიათი შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებლ​ის, სვენ მიქსერის განცხადებით, დღეს ქართველ პოლიტიკოსებს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარშემო ესაუბრა და დაინახა, რომ როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას კარგად ესმის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის საჭიროება.

მისივე თქმით, ასევე ყველას ესმის რუსეთის აგრესიის საშიშროების შესახებ.

ამასთან, საკითხზე საუბრისას სვენ მიქსერმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ქართველ პოლიტიკოსებს ბოლომდე ერთიანი პოზიცია ექნებოდათ.

„რეზოლუციასთან დაკავშირებით მკითხეს და ვესაუბრე ქართველ პოლიტიკოსებს, ორივე მხარეს. ვხედავ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პოზიციები, ვგულისხმობ როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას, არ არის დრამატულად განსხვავებული. ყველას კარგად ესმის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის საჭიროება. ასევე ყველას ესმის რუსეთის აგრესიის საშიშროება არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისთვის.

ვფიქრობ, ამ დებატებმა გამოაჩინა ქართული პოლიტიკის ერთი მხარე – ანუ ის, რომ საქართველოში ქართველ პოლიტიკოსებს შორის არ არის ტრადიცია და პატივისცემა კომპრომისების შესაძლებლობებისა, ხიდების აშენებისა. ეს ევროპულ პარლამენტში აღქმულია, როგორც სიძლიერის ნიშანი, მაგრამ ბევრი ქართველი პილიტიკოსისთვის ჩანს, რომ ეს სისუსტის ნიშანია, რაც სამწუხაროა“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

მან ასევ აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამაც და ოპოზიციამაც უნდა იზრუნონ, როგორ გამოასწორონ კომპრომისების მიღწევის შესაძლებლობები.

„ვფიქრობ, საწყისი გარემო იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ქართველი პოლიტიკოსები ერთიანი პოზიციით გამოსულიყვნენ და ფაქტია, რომ ეს იშვიათი შესაძლებლობა ერთიანობის დემონსტრირებისა, ხელიდან იქნა გაშვებული. ორივემ, მმართველმა პარტიამაც და ოპოზიციამაც უნდა იფიქრონ ამაზე და იზრუნონ, როგორ გამოასწორონ კომპრომისების მიღწევის შესაძლებლობები. მმართველმა პარტიამ, როგორც უმრავლესობამ, უნდა გადადგას წინ ნაბიჯი, რადგან ოპოზიციისგან განსხვავებით, მათ მარტოებსაც შეუძლიათ მოქმედება“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.