სვენ მიქსერი - რეზოლუცია, რომელსაც 9 ივნისს ვუყრით კენჭს, არის საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, ამ ფრონტზე მართლაც ბევრი მიზეზია კრიტიკისთვის
სვენ მიქსერი - რეზოლუცია, რომელსაც 9 ივნისს ვუყრით კენჭს, არის საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, ამ ფრონტზე მართლაც ბევრი მიზეზია კრიტიკისთვის

რეზოლუცია, რომელსაც 9 ივნისს ვუყრით კენჭს, არის საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, ამ ფრონტზე მართლაც ბევრი მიზეზია კრიტიკისთვის, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე მსჯელობენ.

მისი თქმით, მტკიცე სამართლებრივი ჩარჩოს მიუხედავად, საქართველოში ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუარესდა.

„საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში გლობალური მედიის ინდექსმა დაიწია, მტკიცე სამართლებრივი ჩარჩოს მიუხედავად, ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუარესდა, რის შესახებაც მოწმობს გასულ წელს ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან „ღირსების მარშის“ მონაწილეთა და ამ მოვლენების გამშუქებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა, ბოლო დროინდელი დემონსტრირება კი, კარგად ცნობილი მედიაპერსონის, ბატონი გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდებაა, საკმაოდ საეჭვო ბრალდებებით“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

მისივე თქმით, ცხადია, რომ პრობლემები და გამოწვევები, რომელიც საქართველოს წინაშეა, ცდება მედიას.

„ჩვენ ყველა ლეგიტიმურად ვართ შეშფოთებული ბოლოდროინდელი უარყოფითი ცვლილებებით კანონის უზენაესობისა და ზოგადად დემოკრატიის სფეროში. საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქცევა გულწრფელად იმედის გამაცრუებელია. ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა მივიღოთ უფრო გადამწყვეტი და მომთხოვნი პოზიცია ქართველ მმართველებთან კომუნიკაციაში, რათა მათ რეალურად ესმოდეთ, რომ სწორედ მათ უნდა მიიტანონ ქართველ ხალხამდე ევროპული მისწრაფება. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკის ცვლილება ჩვენი სახელით, დაფუძნებული უნდა იყოს ყოვლისმომცველ და კარგად გააზრებულ სტრატეგიაზე. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ჩვენგანს, ფრთხილად გააანალიზონ პოტენციური შედეგები და დაგეგმონ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, რომ ჩვენი კეთილი ზრახვებით გადადგმულმა ნაბიჯებმა ძირი არ გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებას ან ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.