სვენ მიქსერი - მინდა, საქართველო წავახალისო, იყოს ამბიციური, ყველას აქვს წევრობის განაცხადის შეტანის უფლება, მაგრამ გაფართოება ცალკე საკითხია, გამიჯნული „აღმოსავლეთ პარტნიორობისგან“
სვენ მიქსერი - მინდა, საქართველო წავახალისო, იყოს ამბიციური, ყველას აქვს წევრობის განაცხადის შეტანის უფლება, მაგრამ გაფართოება ცალკე საკითხია, გამიჯნული „აღმოსავლეთ პარტნიორობისგან“

ასოცირების შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროცესში, მაგრამ ასოცირების შეთანხმებას ქვეყანა ავტომატურად არ მიჰყავს კანდიდატობამდე, – ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიქსერმა საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისასა განაცხადა.

„მინდა, საქართველო წავახალისო, იყოს ამბიციური. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს წევრობაზე განაცხადი, მაგრამ გაფართოება არის ცალკე საკითხი, გამიჯნული „აღმოსავლეთ პარტნიორობისგან“. ასოცირების შეთანხმება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროცესში, მაგრამ ასოცირების შეთანხმებას ავტომატურად არ მიჰყავს ქვეყანა კანდიდატობამდე. ამ პროცესის წარმატება დამოკიდებულია სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ კრიტიკული მნიშვნელობის გახლავთ ქვეყნის მზაობა. ფილოსოფიურად ვიტყოდი, რომ შესაძლებლობის კარი იღება და იხურება და ძალიან დიდხანს შეიძლება, მოგიწიოს შემდეგ ჯერზე კარის გაღების ლოდინი. ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს ამბიციური მიდგომა. რეფორმების უმრავლესობა, რომლებიც გახლავთ ასოცირების შეთანხმების ნაწილი, სარგებლის მომტანია საქართველოს ბიზნესკლიმატისთვის, საქართველოს საზოგადოებისთვის. ასე რომ, ეს რეფორმები არის სარგებლიანი და ღირს მათი გატარება მაშინაც კი, თუ ამას შევხედავთ დამოუკიდებლად იმ ამბიციებისგან, რაც ეხება ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.