სვენ მიკსერი - ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ოპოზიციაში მყოფებმაც უნდა შეწყვიტონ პროვოკაციები, შესაძლებლობის ფანჯარა მუდმივად ღია ვერ იქნება
სვენ მიკსერი - ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ოპოზიციაში მყოფებმაც უნდა შეწყვიტონ პროვოკაციები, შესაძლებლობის ფანჯარა მუდმივად ღია ვერ იქნება

ევროპარლამენტის წევრ სვენ მიკსერის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე იმსჯელეს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე და სხვა საკითხებზე, თუმცა შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, თუ რა უნდა იყოს ჩიხიდან გამოსავალი.

მისი თქმით, პოლიტიკური დაძაბულობა აფერხებს საპარლამენტო პროცესს და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ქართველი ხალხის არჩევანს.

სვენ მიკსერის განცხადებით, პოლიტიკურმა მხარეებმა შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოიყენონ.

„ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე ძალიან ღია მსჯელობა გვქონდა, რადგან არის რამდენიმე საკითხი, რომელსაც მე ვხედავ, როგორც საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი. ჩვენ ასევე შევეხეთ გუშინდელ შეხვედრებს. თუმცა რასაკვირველია, შეხვედრის დიდი ნაწილი დავუთმეთ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბარს, რა უნდა იყოს ჩიხიდან გამოსავალი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც ასეთ მაღალ ნიშნულზეა, აფერხებს პოლიტიკურ საპარლამენტო პროცესს და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ქართველი ხალხის არჩევანს. რთული ვითარებაა და მე გამიჭირდება დიაგნოზი, რატომ ვართ ამ ვითარებაში. საჭიროა წინ გახედვა და გამოსავლის მოძებნა. 8 მარტის შეთანხმება იყო მნიშვნელოვანი მიღწევა. საპარლამენტო არჩევნები, საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებით, გახლდათ თავისუფალი და ღია. იყო დარღვევები, საკითხები, რომელსაც სჭირდება გამოსწორება, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, გადაწყვეტილებები დამოკიდებულია პოლიტიკურ სცენაზე მყოფ მოთამაშეებზე და მათზე, ვინც უნდა იპოვოს გამოსავალი. ამიტომ საჭიროა, ყველა მოიქცეს კონსტრუქციულად, ყველა პარტია – მმართველი პარტია, ოპოზიცია მზად უნდა იყოს, გადადგას ნაბიჯი უკან კომპრომისის მისაღწევად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ქვეყნის საშინაო რეფორმებზე, არამედ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე.

ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ოპოზიციაში მყოფებმაც უნდა შეწყვიტონ პროვოკაციები. ყველამ უნდა გააანალიზოს სიტუაციის სიმძიმე. ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ბატონი მიშელი მედიაციას უწევს პროცესს, მისი პირადი წარმომადგენელი, გამოცდილი დიპლომატი ჩართულია ამაში, არის დემონსტრირება, როგორ მაღალ დონეზე ცდილობს ევროკავშირი გამოსავლის მოძებნას ამ დიდ კონფლიქტში. ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც მუდმივად ღია ვერ იქნება. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველოში მოთამაშეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თუ ამ შესაძლებლობას ვერ გამოიყენებენ, მათ მოუხდებათ ლოდინი, რათა შემდეგი ფანჯარა გაიღოს“, – განაცხადა სვენ მიკსერმა.

რაც შეეხება შეკითხვას, „ევროკავშირს დამატებითი წინადადებები ხომ არ ექნება მედიაციის პროცესში“, სვენ მიკსერი აღნიშნავს, რომ შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელსა და ადგილზე ევროკავშირის წარმომადგენლობაზეა დამოკიდებული, მაქსიმალური გააკეთონ, როგორც მედიატორებმა.

„სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი დანიელსონი მონაწილეობს პროცესში. ჩვენ, ევროპული ინსტიტუტები, ევროპარლამენტის ჩათვლით, ამ მცდელობის უკან ვდგავართ და ვაკეთებთ, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია. მხარს ვუჭერთ მედიაციისა და გამოსავლის პოვნის ამ მცდელობას. მაგრამ ეს სპეციალურ წარმომადგენელსა და ადგილზე ჩვენს წარმომადგენლობაზეა დამოკიდებული, როგორც მედიატორებმა, მაქსიმალური გააკეთონ. მე ვფიქრობ, მაინც საქართველოს პოლიტიკურ მოთამაშეებზეა დამოკიდებული, დასხდნენ ერთად და იპოვონ გამოსავალი, რომელიც ყველას თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს და ბედნიერს გახდის, რადგან სწორედ ეს არის კომპრომისები პოლიტიკაში“, – განაცხადა სვენ მიკსერმა.