სვენ მიქსერი - ევროპული ინტეგრაცია ბევრად დიდი მიზანია, ვიდრე ნებისმიერი პარტია ან პოლიტიკოსი, ამიტომ ყველა უნდა იყოს ერთად, პოლიტიკურმა კლასმა ქართველ ხალხს იმედი არ გაუცრუოს
სვენ მიქსერი - ევროპული ინტეგრაცია ბევრად დიდი მიზანია, ვიდრე ნებისმიერი პარტია ან პოლიტიკოსი, ამიტომ ყველა უნდა იყოს ერთად, პოლიტიკურმა კლასმა ქართველ ხალხს იმედი არ გაუცრუოს

ევროპული ინტეგრაცია ბევრად დიდი მიზანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი. ამიტომ ახლა არის მომენტი, როდესაც ყველა უნდა იყოს ერთად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურმა კლასმა ქართველ ხალხს იმედი არ უნდა გაუცრუოს.

„ვფიქრობ, ჩვენი მთავარი გზავნილი დღევანდელ შეხვედრებზე ძალიან ცხადი იყო. ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა საქართველოსთვის. ევროპული ინტეგრაცია ბევრად დიდი მიზანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი. ამიტომ ახლა არის მომენტი, როდესაც ყველა უნდა იყოს ერთად და პოლიტიკურმა კლასმა ქართველ ხალხს იმედი არ გაუცრუოს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

სვენ მიქსერის განცხადებით, საკმაოდ დეტალური ინსტრუქციაა მოცემული, რა უნდა გაკეთდეს საქართველოს მხრიდან, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები პოზიტიურ დასკვნაზე შეჯერდნენ.

„განსაზღვრულია 12 რეკომენდაცია და 12 მიმართულება, სადაც საჭიროა პროგრესი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვფიქრობ, ინსტრუქცია საკმაოდ დეტალურია, რა უნდა გაკეთდეს, როგორი უნდა იყოს დინამიკა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები პოზიტიურ დასკვნაზე შეჯერდნენ. ეს არის საქართველოს პოლიტიკური კლასის საშინაო დავალება“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.

საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავენ ევროპარლამენტარები სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი. ევროპარლამენტარები უკვე შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს.