სვენ მიქსერი - ერთ დოკუმენტში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა და ივანიშვილისთვის სანქციის რეკომენდაცია, ართულებს ჩვენს როლს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების შემცირებაში
სვენ მიქსერი - ერთ დოკუმენტში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა და ივანიშვილისთვის სანქციის რეკომენდაცია, ართულებს ჩვენს როლს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების შემცირებაში

საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის ყოველწლიური ანგარიშის ავტორის, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის განცხადებით, განაგრძობს იმ ტექსტის მხარდაჭერას, რომელსაც კომპრომისული ვარიანტი ერქვა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმების საგანი იყო.

სვენ მიქსერის აზრით, მსჯელობის შედეგად, მაშინ მიაღწიეს საკმაოდ კრიტიკულ, მაგრამ ამავე დროს, დაბალანსებულ ტექსტს.

სვენ მიქსერი ამბობს, რომ პლენარულ სხდომაზე წარდგენილმა ზოგიერთმა ცვლილებამ დაარღვია ბალანსის პრინციპი ტექსტის საბოლოო ვარიანტში.

„მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია ძალიან მკაფიოდ თითოეულ წარმოდგენილ ცვლილებაზე და ზოგს მხარი დავუჭირე, ზოგიერთის წინააღმდეგ წავედი და ზოგზეც თავი შევიკავე. მთლიანი ტექსტის ტონი და სულისკვეთება პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილმა და მიღებულმა ცვლილებებმა შეცვალა. საილუსტრაციოდ შემიძლია, მაგალითიც მოვიყვანო. ახლა ჩვენ წინაშე ყველაზე გადაუდებელი საკითხია ჰუმანიტარულ ნიადაგზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. თუ ევროპარლამენტი ერთ დოკუმენტში მიხეილ სააკაშვილის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ყოფილი ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს და ზუსტად ეს ტექსტი მოითხოვს და გასცემს რეკომენდაციას ბიძინა ივანიშვილზე, ყოფილ პრემიერზე პერსონალური სანქციის დაწესებაზე, ჩემი აზრით, ართულებს მთლიან სიტუაციას, ართულებს ჩვენი მოთხოვნის და მოწოდების გათვალისწინების პროცესს, ჩვენი, როგორც მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს, რათა შევამციროთ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზება.

ღრმად შეშფოთებული ვარ, რომ ეს ასევე გაამწვავებს წინააღმდეგობას სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მე ენერგიის ძალიან დიდი ინვესტიცია ჩავდე ამ ტექსტის მოსამზადებლად, ორივე მხრიდან შევხვდი ყველა პოლიტიკურ აქტორს. ვფიქრობ, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, თუ ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ შედეგს. ჩვენ უნდა ვიყოთ რეზულტატზე ორიენტირებული, მომთმენი და გამოვიყენოთ დიპლომატიური ხერხები შედეგების მისაღწევად. მით უმეტეს, რომ ზოგიერთი შედეგი გადაუდებელი აუცილებლობისაა და ახლა გვჭირდება, რომ ეს შედეგი დადგეს – ეს არის სააკაშვილის გათავისუფლება და მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესებს ვერ დაელოდება“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

სვენ მიქსერის თქმით, „ნანახი აქვს, როდესაც ემოციების ზედმეტად გამოხატვამ კოლეგების მხრიდან თბილისში წინააღმდეგობა გაზარდა და იმედი მაქვს, ეს არ მოხდება“.

„არ ვამბობ, რომ უდავოდ შეუშლის ხელს, გამოვთქვამ იმედს, რომ არ შეუშლის. ნანახი მაქვს, როდესაც ემოციების ზედმეტად გამოხატვამ ჩვენი კოლეგების მხრიდან თბილისში წინააღმდეგობა გაზარდა. დიდი იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. მე გავაგრძელებ მუშაობას, რომ საქართველომ გააგრძელოს რეფორმები და ახლოს მოვიდეს ევროკავშირთან“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის ყოველწლიური ანგარიშის ავტორმა სვენ მიქსერმა სანქციების შესახებ შესწორებების წინააღმდეგ მისცა ხმა, ანგარიშის მხარდაჭერისგან კი, თავი შეიკავა.