სვენ მიქსერი - ჩვენ ვართ კრიტიკული, როცა საჭიროა, თუმცა არ ვიკავებთ თავს საქართველოს ხელისუფლების შექებისგან, მაგალითად, პანდემიასთან წარმატებულ ბრძოლასა და რეფორმების მხრივ მიღწევებზე
სვენ მიქსერი - ჩვენ ვართ კრიტიკული, როცა საჭიროა, თუმცა არ ვიკავებთ თავს საქართველოს ხელისუფლების შექებისგან, მაგალითად, პანდემიასთან წარმატებულ ბრძოლასა და რეფორმების მხრივ მიღწევებზე

ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი დღეს კენჭს უყრის ესტონელი ევროდეპუტატის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.

დოკუმენტის პირველი განხილვა ორი თვის წინ გაიმართა, რასაც მწვავე განცხადებები მოჰყვა.

ევროდეპუტატებმა ანგარიშში შესატანად კენჭისყრისთვის 165 შესწორება მოამზადეს.

კენჭისყრამდე, ბრიუსელში გამართულ საგარეო კომიტეტის სხდომაზე, სიტყვით გამოვიდა ანგარიშის ავტორი სვენ მიქსერი, რომელმაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა.

„საქართველო ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, არა მხოლოდ როგორც ასოცირებული ქვეყანა, არამედ როგორც ქვეყანა, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისაა. ასევე, ეს არის ქვეყანა, რომელიც იბრძვის მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, რომელსაც აგრესიული მეზობელი არღვევს.

ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის მხარდაჭერა სცდება პარტიულ ხაზს და არა რომელიმე პოლიტიკურ აქტორს ან პარტიას, არამედ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას ეკუთვნის. ეს ანგარიში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო წელს, როდესაც საქართველოს შიდა პოლიტიკა საკმაოდ ტურბულენტურია.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კრიტიკულები ვართ იმ დროს, როდესაც ეს საჭიროა. თუმცა, ასევე არ ვიკავებთ თავს საქართველოს ხელისუფლების შექებისგან, როდესაც ისინი იქცევიან ისე, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ხალხის მდგომარეობას. მაგალითად, წარმატებული ბრძოლა კორონას პანდემიის დროს. ასევე, მიღწევები რეფორმების გზაზე, რაც ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია“, –  განაცხადა სვენ მიქსერმა.