სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტის სამძებრო სამაშველო სამუშაოებში სასაზღვრო ვერტმფრენი ჩაერთო
სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტის სამძებრო სამაშველო სამუშაოებში სასაზღვრო ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტის სამძებრო სამაშველო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოებში სასაზღვრო ვერტმფრენი ჩაერთო.

ბელარუსი ტურისტების დაკარგვის შესახებ შეტყობინება „112“-ში გუშინ საღამოს შევიდა. როგორც ცნობილია, სამივე ტურისტი ქალია. ორი მათგანი 60 წლამდე, ხოლო ერთი 36 წლამდე ასაკისაა.

არსებული ინფორმაციით, მწვერვალიდან ბანაკისკენ დაბრუნებისას სამმა ტურისტმა ჯგუფს შედარებით გაუსწრო, რის შემდეგაც ისინი მათთან ერთად ჯგუფში მყოფ ტურისტებს აღარ უნახავთ.