სვანეთში მდებარე ელექტროგადამცემ ხაზზე „იფარი“ აღდგენითი სამუშაოები დასრულდა
სვანეთში მდებარე ელექტროგადამცემ ხაზზე „იფარი“ აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ სვანეთში მდებარე ელექტროგადამცემ ხაზზე „იფარი“ აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, სოფელ კალას მიმდებარე ტერიტორიაზე, ალპურ ზონაში, ზვავმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზის 72-ე ანძა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა ჰიდროელექტროსადგურის „მესტიაჭალა 1-2“-ის მიერ გამომუშავებული სიმძლავრის ქსელში ინტეგრირება.

ელექტროგადამცემი ხაზი „იფარი“ ერთმანეთთან აკავშირებს ქვემო სვანეთისა და მესტიის რაიონების ქვესადგურებს და მისი ძირითადი მარშრუტი ზღვის დონიდან 3000 მეტრზე გადის.

ელექტროსისტემის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, გაიწმინდა გზის 12 კმ-იანი მონაკვეთი, მათ შორის 5 კმ ალპურ ზონაში მდებარეობდა, სადაც დიდი იყო ზვავსაშიშროების რისკი. დაზიანება სრულად აღმოიფხვრა. გარდა ამისა, პრევენციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციაზე დაემატა კიდევ ერთი ანძა.

„ელექტროგადამცემი ხაზის „იფარი“ გამართულ და საიმედო მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს სვანეთის ენერგომომარაგებისა და ტურიზმის განვითარების კუთხით“, – აცხადებენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში “.