სვანეთში 25-29 ივლისს საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდება
სვანეთში 25-29 ივლისს საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდება

წელს პირველად, სვანეთში საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდება. ინფორმაციას კინორეჟისორი და ფესტივალის დამფუძნებელი მარიამ ხაჭვანი ავრცელებს.

ხაჭვანის ინფორმაციით, საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალს 25-29 ივლისს მესტია უმასპინძლებს. წელს კინოფესტივალს, პანდემიიდან გამომდინარე, მხოლოდ ქართველი კინემატოგრაფისტები დაესწრებიან, ხოლო უცხოელები ონლაინ მიიღებენ მონაწილეობას.

„კოვიდ-19“-ის გამო ფესტივალის ფორმატის შეცვლა მოგვიწია, მაგრამ, მთავარია, რომ წელს პირველად ჩაეყრება საფუძველი კინოფესტივალს სვანეთში და ყოველწლიურად ჩატარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სვანეთის რეგიონისა და საქართველოსთვის. ვფიქრობთ, რომ ფესტივალი ყოველ წელს უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. ვაპირებთ, დავამატოთ სხვადასხვა სექცია და არ იყოს მხოლოდ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი“, – განაცხადა მარიამ ხაჭვანმა.

კინოფესტივალმა 2018-2020 წლებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრების შერჩევა უკვე დაიწყო. ფილმების მიღება მხოლოდ ათ დღეს გაგრძელდება.