სვანეთის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
სვანეთის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, სვანეთში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ადგილზე ღია კერები აღარ შეინიშნება, დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა, რომელთა ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„ხანძარი მთის ფერდზე, მიუვალ ადგილზე გაჩნდა, რის გამოც ცეცხლის ქრობაში სახანძრო ავტოტექნიკა ვერ ჩაერთო. კერებამდე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი ფეხით მივიდა და ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობს ხანძარს.

მესამე დღეა, ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. მათ 80 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის კერებს 160 ტონამდე წყალი დაასხეს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება და სალიკვიდაციო სამუშაოები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.