სვანეთის სოფელ ხალდეს აჯანყებაზე საქართველოს პირველი არხი დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

სვანეთის სოფელ ხალდეში მე-19 საუკუნის 70-იანი წლების აჯანყების შესახებ საქართველოს პირველი არხი დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ფილმის სახელწოდება იქნება „გაულ გავხე“.

„პროექტი დღეს ჩაეშვა. ჩვენ ვიწყებთ დოკუმენტური ფილმის გადაღებას აჯანყების შესახებ. ფილმის სახელწოდება იქნება „გაულ გავხე“. ეს არის ცნობილი სიმღერის სახელწოდება, რომელიც აჯანყებულმა სვანებმა იმღერეს. 30 ადამიანი შეუპოვრად ებრძოდა თითქმის ერთი წლის განმავლობაში რუსეთის იმპერიას. ეს არის ძალიან ამაღელვებელი და დამაფიქრებელი ისტორია“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

ამასთან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის დარბაზში, ხალდეს აღორძინების ფონდისა და მუზეუმის თანამშრომლობით, დღეს გაიხსნა გამოფენა „სვანეთის-ხალდეს აჯანყება 1875-1876“.

ექსპოზიცია მოგვითხრობს მე-19 საუკუნის 70-იან წლებში სვანეთში განვითარებული მოვლენების შესახებ. გამოფენა ფართო აუდიტორიას პირველად გააცნობს პატარა სოფლის, ხალდეს მკვიდრთა აჯანყების ისტორიას.

ექსპოზიცია საარქივო დოკუმენტაციაზე, ეთნოგრაფიულ და ფოტო-ვიდეომასალაზე დაყრდნობით მოგვითხრობს თავისუფლებისთვის მებრძოლი, რუსეთის იმპერიულ ძალმომრეობასთან დაპირისპირებული სოფლის მკვიდრთა შემართებასა და თავგანწირვაზე.

გამოფენის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

გამოფენა მუზეუმში 20 თებერვლის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.

დატოვე კომენტარი