სვანაძემ ინგლისს სწორი თამაში დაუპირისპირა - სანიოლის ასისტენტის თქმით, ეროვნული ნაკრები ახალგაზრდულს ფეხბურთელებით შეეშველება #1TVSPORT
ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ინგლისთან მოგებაზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ რამაზ სვანაძის გუნდში ბევრი იმედისმომცემი ახალგაზრდა მოთამაშე გამოჩნდა.
„ბათუმში ამ თამაშზე ვიყავი და ყველაზე მეტად ის მესიამოვნა, რომ ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები ამ ასაკის ევროპულ გუნდებში პირველია. ფიზიკური მომზადებიდან გამომდინარე, რაც მათ ტრადიციულად ახასიათებთ, ასაკობრივ ნაკრებებში მათ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ამხანაგური შეხვედრა მოვუგეთ პრემიერლიგის მოთამაშეებით დაკომპლექტებულ ნაკრებს“, – განაცხადა ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“.
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ყურადღება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კარგ ორგანიზებულობაზე გაამახვილა:
„ყველაზე კარგი ის იყო, რომ ნაკრების თამაში მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კარგად დაგეგმა და სწორი მიმართულება მისცა – ინგლისის ნაკრებს ტექნიკური და უფრო სწრაფი თამაში დაუპირისპირა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გუნდი დაცვაში არ ჩაჯდა, მეორე ნომრად არ ითამაშა და ამან გაამართლა. გუნდი 3:0-ზეც იმავეს აგრძელებდა“, – ამბობს ზურაბ ხიზანიშვილი.
მისი აზრით, სწორად დაგეგმილი შეხვედრა ფეხბურთელებზეც აისახა:
„ძალიან კარგად დაგეგმილმა შეხვედრამ ფეხბურთელებიც გამოაჩინა, რომლებმაც დავალებები სწორად შეასრულა. ჩვენც ხელს ვუწყობთ, რადგან 2023 წელს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. ეროვნულ ნაკრებში უკვე ამ ასაკის 7-8 კანდიდატი გვყავს და ვინც დასჭირდებათ, ყველას დავუთმობთ. ამაზე ვისაუბრეთ და თემა გავაირეთ. ცხადია, წინ ერთა ლიგაა და პრიორიტეტი ეროვნული ნაკრებია, მაგრამ საქართველოს ახალაგზრდულ ნაკრებს ეროვნული გუნდიდან მოთამაშეებს შევაშველებთ. ეს კონკრეტულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. მთავარი ისაა, რომ ასეთი დონის ტურნირი საქართველოში არ ჩატარებულა“.