სუს-ში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები გრძელდება
სუს-ში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები გრძელდება

ოპოზიციის 31 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვები გრძელდება. არსებული ინფორმაციით, სუს-ში დღეს ოპოზიციის ათამდე წარმომადგენელია დაბარებული.

ცოტა ხნის წინ უწყებაში არჩევნების დამკვირვებელი აკაკი გურჯიშვილი მივიდა.

როგორც მან განაცხადა, არჩევნების დღეს სამგორის 41-ე უბნის გარე პერიმეტრს აკვირდებოდა.

„სავარაუდოდ იმის გამო ვარ დაბარებული, რომ ვიყავი დამკვირვებელი, მქონდა ჩემი ფუნქციები – პერიმეტრი მეკონტროლებინა, რომ არ ყოფილიყო დარღვევები, აყალმაყალი, ჩხუბი. „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგიდან“ ვარ. არავისთან არ მაქვს კავშირი. ჩემი მეზობელია, ვინც მთხოვა და წამიყვანა, სავარაუდოდ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერია. არ ვიცნობ დევი ჭანკოტაძეს. მე შესაბამისი აკრედიტაცია მაქვს ცესკო-დან“, – განაცხადა აკაკი გურჯიშვილმა.

მეზობლის ვინაობის დასახელებას მოწმე სუს-ში აპირებს.

უბნის დამკვირვებელი „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგიდან“ ამბობს, რომ მან არ იცის, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით.

სუს-თან მივიდა საგამოძიებო უწყებაში დაბარებული კიდევ სამი პირის ადვოკატი გიორგი გოგინავა, რომელიც კახა ლომთათიძის, რეზო ბარამიძისა და იოანე ქერქაძის ინტერესების დამცველია.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ორგანიზაცია „ანტიკორუფციული საბჭოს“ წარმომადგენლები არიან და საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ. ადვოკატის თქმით, კონკრეტულად რა შეკითხვები ექნებათ გამომძიებლებს, ჯერ მისთვის უცნობია.