სუს-ში ადასტურებენ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით გიორგი უძილაურია დაკავებული
სუს-ში ადასტურებენ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით გიორგი უძილაურია დაკავებული

უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებული საჯარო მოხელე გიორგი უძილაურია.

აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.

ჯაშუშობისთვის საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ სუს-მა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

კერძოდ, სუს-ში განაცხადეს, რომ დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან ჰქონდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები.

„შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისათვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან.

გარდა ამისა, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებით, დაკავებული პირი მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომლის მიზანი იყო მედიასფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და აღნიშნული ქსელის გამოყენებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის რეგიონის ქვეყნების მიმართულებით. აღნიშნულ საქმიანობას ბრალდებული  მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებდა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს სუს-ში.