სუს-ის მოთხოვნით, ტატუნაშვილის საკითხზე ერგნეთში სპეციალური შეხვედრა გაიმართება
სუს-ის მოთხოვნით, ტატუნაშვილის საკითხზე ერგნეთში სპეციალური შეხვედრა გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისა და დაკავებულების – ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხებს, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) არაგეგმურ შეხვედრაზე განიხილავენ.

როგორც პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM)  მონაწილეების არაგეგმური შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით ჩაინიშნა. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.  საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.