სუს-ის მიერ დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
სუს-ის მიერ დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ახმეტაში გუშინ დაკავებულ ზურაბ იდოიძეს სუს-ის შენობაში ბრალი წარუდგინეს.

დაკავებულის ადვოკატმა დავით მოდებაძემ ე.წ. მოდულის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც გულისხმობს ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას და სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატის თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

24-საათიან ვადაში სასამართლომ უკვე აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.

ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

სუს-ის ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე  დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.

„დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ახმედ ჩატაევი და  მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი  დროებითი საცხოვრებელი ბინიდან  მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე“, – აცხადებენ სუს-ში.