სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ცხვარიჭამიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლაშა ფ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეს მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, საერთო ჯამში 2400 კვადრატული მეტრი, 3 მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაში დახმარებას დაპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 7000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.

2018 წლის 20 მარტს, ლაშა ფ-მ, ხსენებულ მოქალაქეს, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა, 7000 აშშ დოლარი ერთ-ერთ ბანკში, მის მიერვე მითითებულ ანგარიშზე ჩაარიცხინა.

2018 წლის 30 მარტს, ლაშა ფ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.