სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულ მალხაზ ტოხოსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს 
სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულ მალხაზ ტოხოსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულ მალხაზ ტოხოსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

სხდომა საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

პროცესზე ტოხოსაშვილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა. მან წარდგენილი ბრალი გააპროტესტა, ასევე აღნიშნა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არანაირი კავშირი არ აქვს.

„ისეთი ბრალდებები მოვისმინე, თავადაც ბევრი რამ მიკვირს. ფარულად არასდროს, თუნდაც დაფარული ნომრითაც არ დამირეკავს. ვმუშაობ, სახლი-სამსახური, ზედმეტად არც გამოვჩენილვარ. შემჩნეული რომ ვყოფილიყავი სადმე, თუ ვინმე ოდნავ მაინც საეჭვოდ დამახასიათებს, დაგეთანხმებოდით. შემიძლია თავი დავდო, რომ ჩემზე ცუდს ვერავინ იტყვის, 38 წლის ვხდები. თუ ვინმე იტყვის, რომ არ ვარ სანდო, მაშინ პირადად გავიზიარებ, რომ პატიმრობაში დავრჩე. ჩემი ცხოვრების წესი ისეთი იყო, მსგავსი რამ მიუღებელია“, – განაცხადა ბრალდებულმა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალა მას საკოლექციოდ ჰქონდა.

ბრალდების მხარე მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე  –  გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.  მოსამართლის განმარტებით, შესაძლოა, ბრალდებულს ჰქონდეს კავშირი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებთან და მათი დახმარებით მიიმალოს. შესაბამისად, მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ტოხოსაშვილი იმ გამოძების ფარგლებში დააკავა, რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე აწარმოებს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე წაუყენეს. ამასთან, მისი საცხოვრებელი სახლისა და სამსახურის ჩხრეკისას „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები ამოიღეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია საბრძოლო ვაზნებიც.

პირველი არხის ინფორმაციით, ტოხოსაშვილი შესაძლოა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ქართული დაჯგუფების მუქარის შემცველ ვიდეოსთანაც იყოს კავშირში, რომელიც დღეს „პალიტრანიუსმა“ გაავრცელა, თუმცა ჯერჯერობით, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

რაც შეეხება მუქარის შემცველ მიმართვას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვიდეოს შესახებ გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.